Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული შრიფტის წარსული, აწმყო და მომავალი


„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“
„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“

„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“ - ასე ჰქვია გრაფიკული დიზაინის ასოციაციის მიერ გამოცემულ წიგნს, რომელშიც აკა მორჩილაძის ტექსტითა და 1000-ზე მეტი ფოტოილუსტრაციით თანმიმდევრულადაა წარმოჩენილი ქართული დამწერლობისა და შრიფტის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ქვაზე ნაკვეთი, მოზაიკური, ფრესკული, ჭედური და ნაქარგი შრიფტები, ასევე ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების ნიმუშები. წიგნის მეორე ნაწილი ეთმობა ქართული ტიპოგრაფიკის განვითარების გზას ვახტანგ VI-ის სასტამბო შრიფტებიდან უახლეს კომპიუტერულ ფონტებამდე.

გადმოწერა

ქართულმა დამწერლობამ მეხუთე საუკუნიდან დღემდე განვითარების სამი საფეხური გაიარა ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის სახით. წიგნში „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“ ყველა ეს საფეხური ილუსტრირებულია პირველი პალეოგრაფიული ძეგლების ფოტოებითა დაუახლესი შრიფ­ტებით. პირველივე ფურცლებზე მკითხველი გაეცნობა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებით დათარიღებულ, ბოლნისის სტელაზე ასომთავრულით გაკეთებულ წარწერას: „ესე ჯუარი ბარაბასი, რომელმაც აღმოიკითხოს ლოცვასა მოიხსენეთ“. აქვეა მცხეთის ჯვრის მონასტრის რელიეფებზე ამოტვიფრული ასომთავრული საქტიტორო წარწერა: „წმიდაო სტეფანე, ქობულ სტრატილატი შეიწყალე“. წიგნის ერთ-ერთი ავტორის, მხატვარ სოფიო კინწურაშვილის თქმით,ნიმუშები ასევე აღებულია ხელნაწერებიდან, ფრესკებიდან, ჭედურობიდან და სხვა ნაკეთობებიდან.

ახალი გამოცემის პრეზენტაცია
ახალი გამოცემის პრეზენტაცია

„მოკლედ, რაც კი იყო მნიშვნელოვანი კალიგრაფიული ნიმუშები, მათ შორის საუკეთესოები შევიტანეთ კატალოგში. მხატვრის თვალით ვუყურებდით და ვარჩევდით და რაც კი საინტერესოდ მივიჩნიეთ, ყველაფერი შევიტანეთ წიგნში“, უთხრა სოფიო კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.

წიგნში ილუსტარციის სახით შეტანილია უშგულში შემონახული მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ტილოს ქისა, ორივე მხარეს ლომისა და გულის ნაქარგი გამოსახულებებით და მხედრული ნაქარგი ლექსით:

„ვეფხი ლაღი და ლამაზი, მინდორს ჩასულა, ვარდობდა,

ვარდი ცელობს, ლამაზს ეძებს, გაჭრილა, აწ ნავარდობდა“.

სოფიო კინწურაშვილის თქმით, ყველა ილუსტრაციას დართული აქვს ტექსტური მასალა საყურადღებო ცნობებით. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციითაა გაჯერებული ვრცელი სტატია ქართული შრიფტების ისტორიის შესახებ, რომლის შექმნაში, როგორც სოფიო კინწურაშვილი ამბობს, მწერალ აკა მორჩილაძესთან ერთად არაერთ მეცნიერს აქვს მონაწილეობა მიღებული:

ახალი გამოცემის პრეზენტაცია
ახალი გამოცემის პრეზენტაცია

„თავიდან მეცნიერებს ვთხოვეთ, თითოეული დარგის სპეციალისტს დავაწერინეთ სტატიები, მაგრამ შემდეგ უარი ვთქვით მეცნიერულ, რთულად გასაგებ ტექსტებზე და ვთხოვეთ აკა მორჩილაძეს, ამ სტატიებზე დაყრდნობით, პოპულარულ ენაზე დაეწერა ერთი გაერთიანებული ტექსტი, რომელიც იქნებოდა საინტერესო და ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

ყველასთვის ხელმისაწვდომი ენით მკითხველი შეიტყობს, რომ იოჰან გუტენბერგის გამოგონებამ, საბეჭდმა დაზგამ, საქართველოში სამი საუკუნით დააგვიანა და რომ პირველი ქართული შრიფტი ევროპაში შეიქმნა იმ ქართულ-იტალიური ლექსიკონისათვის, 1629 წელს რომ გამოსცა რომში სტეფანო პაოლინიმ, პროპაგანდა ფიდეს პატრონობით. ეს შრიფტი, ალბათ, ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ირუბაქიძე- ჩოლოყაშვილი 1585-1658 წწ.) ხელიდან გამოვიდა, თუმცა, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, მისი დახვეწილობა, სისადავე და მიმზიდველობა მხოლოდ ხელით დამწერის კალიგრაფიაზე ვერ იქნებოდა დამყარებული. ქართველების მიერ დასტამბული პირველი ქართული წიგნი კი იყო „ფსალმუნი“, რომელიც 1705 წელს დაბეჭდა მოსკოვში გადახვეწილმა არჩილ მეორემ. რაც შეეხება საქართველოში გამართულ პირველ სტამბას, ამის შესახებ ვკითხულობთ:

„1708 წელს ვახტანგ მეექვსემ თბილისში გახსნა სტამბა. ვახტანგისეულ სასტამბო შრიფტს საფუძვლად დაედო სოლომონ მაღალაძის კალიგრაფია, რომელიც მცირედ შეასწორა თბილისში მოვლენილმა ვლახმა მესტამბემ, მიხაი იშტვანოვიჩმა. მანვე ჩამოასხა პირველი ქართული ნუსხური და ასომთავრული შრიფტებიც. თბილისის სტამბაში ოცი წიგნი დაიბეჭდა. პირველი იყო სახარება, აწყობილი ერთი ზომის ნუსხური შრიფტით, მას კი მოჰყვა მხედრული ვეფხისტყაოსანი“.

აქვეა ვახტანგ მეექვსის პორტრეტი „ვეფხისტყაოსნის“ სწორედ ამ პირველი ნაბეჭდი გამოცემის ილია ჭავჭავაძის პირადი ეგზემპლარიდან, რომელიც 1712 წლითაა დათარიღებული. თუმცა მიუხედავად ამგვარი მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ისტორიისა, ბოლო დრომდე ქართული შრიფტის კატალოგი არ არსებობდა, რაც, წიგნის ერთ-ერთი ავტორის, მხატვარ თამაზ ვარვარიძის, თქმით, განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდა მხატვრებს.

თამაზ ვარვარიძე
თამაზ ვარვარიძე

„როდესაც ჩვენ, მხატვრებს, გვიხდებოდა წიგნების გაფორმება გასული საუკუნის 90-იან წლებში, გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა შრიფტები და გამოგვეცა თხელი, სახელმძღვანელოს ტიპის, მაგრამ იმდენად საინტერესო მასალა დაგროვდა, რომ ვიფიქრეთ სამუშაოს გაგრძელება და მის დასრულებას მოვუნდით თითქმის 18 წელი. აქ არის იშვიათი შრიფტებიც, რომელთა არსებობა შეიძლება ბევრმა არც იცოდეს... ერთი სიტყვით, ძალიან მდიდარ მასალას მოვუყარეთ თავი“, უთხრა თამაზ ვარვარიძემ რადიო თავისუფლებას.

თამაზ ვარვარიძემ, სოფიო კინწურაშვილმა და ნანა ჭურღულიამ ქართული შრიფტის ისტორიისა და განვითარების შესახებ სრულყოფილი წიგნის გამოსაცემად მასალების შეგროვება გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყეს. მოგვიანებით პროექტში ჩაერთო სხვადასხვა სპეციალობის არაერთი ადამიანი, რომელთა ნაწილი ვერ მოესწრო წიგნის გამოცემას: ნინო ზაალიშვილი, ვალერი სილოგავა, დავით ბერძენიშვილი და ემირ ბურჯანაძე. როგორც ნანა ჭურღულია იხსენებს, მნიშვნელოვანი იყო ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრები მხატვრისა და ფოტოგრაფის, მარკ პოლიაკოვის, თანადგომა:

„ძალიან დიდი მადლობა მარკ პოლიაკოვს, რომლის მუდმივი შეგონება, კრიტიკა, რომ არ შეშვენის ქართველ ერს, რომელსაც აქვს სამი სახის დამწერლობა, არ ჰქონდეს შრიფტების კარგი კატალოგი... ამას გვეუბნებოდა გამუდმებით. დიდი მადლობა, მარკ!“

ნანა ჭურღულიას ამ სამადლობელი სიტყვების ადრესატმა მარკ პოლიაკოვმა კვლავ გაიმეორა ოცი წლის წინ ნათქვამი სიტყვები, რომ წარმოუდგენელია კულტურულ ერს, რომელსაც აქვს თავისი დამწერლობა, არ ჰქონდეს შრიფტების კატალოგი.

მარკ პოლიაკოვი
მარკ პოლიაკოვი

„ერის კულტურული განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელი შრიფტის კულტურაც არის. გერმანულ შრიფტს აქვს, ვთქვათ პირობითად, ორი ათასი ტიპოგრაფიკული გარნიტურა, ინგლისურ შრიფტს - ათას ორასი, რუსულს კი, დავუშვათ, - ასი გარნიტურა. ამ ფონზე ძალიან საწყენი იყო, რომ 25 წლის წინ, როცა ამ საკითხზე ფიქრი დავიწყეთ, არაფერი იყო გაკეთებული უნიკალური ქართული შრიფტების კოლექციის თავმოსაყრელად. ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი საგანძურია. იმთავითვე იყო სამი ანბანი, სამი განსხვავებული შრიფტი, ბევრად მეტი გარნიტურა, მაგრამ საჭირო იყო მათი ერთად თავმოყრა. ამიტომაც ამ წიგნის გამოსვლა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. საჭიროა ელექტრონული წიგნი, ვებსაიტი, ელექტრონული გარნიტურების შემუშავება. წარსულის კვლევა, ფესვების ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კვლევების მომავლისკენ მიმართვა, რათა გავიგოთ და დავაპროექტოთ ისეთი ახალი შრიფტები, რომლებიც იქნებიან კომპიუტერული ეპოქის ადეკვატურები. სამწუხაროდ, ბეჭდური წიგნების მნიშვნელობა მსოფლიოში იკლებს, ყველაფერი გადადის ელექტრონულ ფორმატსა და კომპიუტერში, ამიტომ უნდა შემუშავდეს ახალი, მომავლის შრიფტები. წარსულის, ანუ შესანიშნავი სილამაზისა და ესთეტიკის ქართული შრიფტები უნდა მივმართოთ მომავლისკენ“, უთხრა მარკ პოლიაკოვმა რადიო თავისუფლებას.

მარკ პოლიაკოვის ნათქვამს შრიფტების დახვეწისა და ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის თაობაზე სრულად იზიარებს ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, შრიფტის გრაფიკული, ვიზუალური ცვლილება გარდაუვალია თუნდაც იმის გამო, რომ შრიფტი ინფორმაციის მატარებელია და, შესაბამისად, ასოები მაქსიმალურად უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რათა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გადაიტანონ.

ეს დღე იქცა თანამედროვე ქართული შრიფტის „ცხოვრების“ დასაწყისად. „დროების“ მხედრული შრიფტი შექმნა მხაზველმა, მწერალმა და ქართულ საქმეთა დიდმა მოამაგემ მიხეილ ყიფიანმა. შრიფტი ჩამოისხა ვენაში და ამიტომ კარგა ხანს მას „ვენური“ ერქვა. 1950 წლიდან მას „ჩვეულებრივი“ ეწოდა...
ლევან ბერძენიშვილი

„ჩვენს ასოებს ჰქონდათ ბევრი მსგავსება, განსაკუთრებით ქვედაკავიან ასოებს, მაგალითად „უ“, „ვ“, „ე“ და ა.შ. ისინი ჰგვანან ერთმანეთს, ამიტომ განვითარება წავა იმ მიმართულებით, რომ მსგავსებები მოიშლება, ანუ ეს რკალები შეიძლება მოიშალოს, რაც მოხდა კიდეც რამდენიმე შრიფტში, და ხაზი გაესმება განსხვავებებს. და ვინაიდან ჩვენი ანბანის ასოებს შორის განსხვავება ძირითადად შუა ხაზშია, მხატვრების ინტერესიც აქეთკენაა მიმართული“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ბერძენიშვილმა, რომლის თქმითაც, ქართული შრიფტი იცვლება შექმნის დღიდან, თუმცა, როგორც წიგნში ჩართული სტატიიდან ირკვევა, საეტაპო გამოდგა 1866 წლის 10 იანვარს გაზეთ „დროების“ პირველ ნომერში გამოყენებული სრულიად ახლებური, სადა და მარტივად აღსაქმელი მხედრული შრიფტი:

„ეს დღე იქცა თანამედროვე ქართული შრიფტის „ცხოვრების“ დასაწყისად. „დროების“ მხედრული შრიფტი შექმნა მხაზველმა, მწერალმა და ქართულ საქმეთა დიდმა მოამაგემ მიხეილ ყიფიანმა. შრიფტი ჩამოისხა ვენაში და ამიტომ კარგა ხანს მას „ვენური“ ერქვა. 1950 წლიდან მას „ჩვეულებრივი“ ეწოდა. ქართული შრიფტის განვითარება-დახვეწაზე არაერთი მხატვარი და მეცნიერი მუშაობდა. 1947 წლიდან შეიქმნა ქართული შრიფტის კომიტეტი და შემდეგ შრიფტების ექსპერიმენტული ლაბორატორია. მნიშვნელოვანი იყო ბენო გორდეზიანისა და ანტონ დუმბაძის ღვაწლი. დუმბაძემ შექმნა სადღეისოდ საუკეთესო ქართული შრიფტი „კოლხეთი“, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს ქართული ანბანის არსს“.

შრიფტების ცვლილებას ასევე განაპირობებს ის გარემოება, რომ სხვადასხვა დამწერლობის შრიფტები ერთად, პარალელურად არსებობენ, რის გამოც ბუნებრივად ზემოქმედებენ ერთმანეთზე. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ლათინურის შუა სიმაღლე უფრო მეტია, ვიდრე ქართული შრიფტებისა, ამიტომ ქართული შრიფტი იზრდება თვალსა და ხელშუა, ლათინურს კი ჩუმ-ჩუმად ვაპატარავებთ, რათა ერთმანეთის თანაზომიერნი გახდნენ. ლევან ბერძენიშვილი ამ პროცესის თვალსაჩინო ნიმუშად ასახელებს დუმბაძის შრიფტის საფუძველზე გაკეთებულ სილფაენს:

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

„ესაა ზუსტად ევროპული ყაიდისა, რადგანაც სიმაღლეები არის შესაბამისად დაცული. ასე რომ, ნელ-ნელა ჩვენც გავევროპელდით შრიფტის საკითხში. მხატვარი კი საჭიროა იმიტომ, რომ ეს ტენდენციები მეცნიერებმა შეიძლება დაინახონ 20 წლის შემდეგ, მხატვარი კი ხედავს დღესვე. ვიცნობდი რა ავტორებს, ამ საქმის წამოწყებისთანავე ვიცოდი, რომ კარგი წიგნი გაკეთდებოდა. მათ ჰქონდათ ხედვა არა მარტო იმ ქართული შრიფტისა, რაც არის, არამედ იმისა, რაც შეიძლება იყოს“.

შექმნით კი უსასრულოდ ბევრი შრიფტი შეიქმნება, რადგანაც, როგორც წიგნის ერთ-ეთრი ავტორი, თამაზ ვარვარიძე, ამბობს, შრიფტების სრულყოფის პროცესი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს:

„როგორც ცხოვრება არ მთავრდება, ასევეა შრიფტების სრულყოფის პროცესიც“.

წიგნი „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“, პირველ რიგში, სწორედ მხატვრებს გამოადგება, თუმცა როგორც ისტორიკოსი ბუბა კუდავა ამბობს, ის ასევე დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს.

ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა

„ხშირად, როცა რაღაც ფორმით გვაინტერესებს და გვჭირდება დამწერლობის ნიმუში, ცხადია, ვეძებთ პარალელურ მასალას და, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ პარალელური მასალის ილუსტრაციები არის ძალიან ძნელი მოსაძიებელი. შესაბამისად, იძულებული ვიყავით ნდობით განვმსჭვალულიყავით იმ მეცნიერების მიმართ, რომლებსაც კონსულტაციისთვის მივმართავდით. სამწუხაროდ, შესაბამისი საილუსტრაციო მასალა ხელთ არ გვქონდა. გარდა ამისა, თვითონ ქართული დამწერლობა და კულტურა იმსახურებს არა მარტო ერთ ასეთ გამოცემას, არამედ პერიოდულად ასეთ საეტაპო მნიშვნელობის გამოცემებს“, უთხრა ბუბა კუდავამ რადიო თავისუფლებას.

პერიოდულად ახალი წინების აუცილებლობას ისიც განაპირობებს, რომ 80-იანი წლების ბოლოს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი მოთხოვნა წამოაყენა - ქართული შრიფტების მორგება ვებსტანდარტისათვის. „მხატვარი“ და „შრიფტის ოსტატი“ თითქმის განუყოფელ ცნებებად იქცნენ.

„თანამედრო შრიფტი ხელოვნებისა და მეცნიერების ერთგვარი ნაზავია - „მცირე არქიტექტურა“, რომელიც სამუდამოდ რჩება ფურცელზე ან მონიტორზე და კვლავაც სამყაროს დიად მონაპოვრად მიიჩნევა“, ვკითხულობთ წიგნში „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG