Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე


რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე თბილისში ჩავიდა. საქართველოს დედაქალაქის აეროპორტში პონტიფექსს დახვდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 1 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლენს წმინდა მესას და დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს. რომის პაპი შეხვდება ასირიულ-ქალდეური საზოგადოების და საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს. ვიზიტის ბოლოს, რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ეწვევა მცხეთას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს და მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს. საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტის გასაშუქებლად აკრედიტებულია მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების 150-ზე მეტი ჟურნალისტი. რომის პაპი საქართველოში ვიზიტს 2 ოქტომბერს დაასრულებს და თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტის გამო, თბილისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე ე.წ. საპროტესტო დგომის აქცია გამართა მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პაპი საქართველოში ჩამოდის პროზელიტური მიზნით, რაც მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. ეს შეფასება 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში უარყო საქართველოს საპატრიარქომ, რომელმაც მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა. საპატრიარქოს განცხადებით, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს ესტუმრება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით. „საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში გამოთქმული მკვეთრად უარყოფითი პოზიცია. პაპი მესას კათოლიკეებისთვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ“ - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG