Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინკლუზიური საარჩევნო გარემო შშმ ამომრჩეველს


2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი მთავარი მისია იყო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, წელს ათჯერაა გაზრდილი ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა უსინათლოთა და მცირემხედველთა არჩევნებში მონაწილეობის წესის შესახებ. რა გაკეთდა იმისათვის, რომ შშმ ამომრჩეველმა ინფორმირებული და სრულფასოვანი არჩევანი გააკეთოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

გადმოწერა

22 წლის ესმა გუმბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. არჩევნებში მეორედ იღებს მონაწილეობას. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დედის დახმარებით გააკეთა. მაშინ ესმამ უარი თქვა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ბიულეტენზე:

„მაშინ დაირღვეოდა ანონიმურობის პრინციპი, რადგან მე, სავარაუდოდ, ვიყავი ერთადერთი უსინათლო ამომრჩეველი იმ უბანზე. შესაბამისად, იმ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიულეტენით მარტივი იქნებოდა იდენტიფიცირება, თუ ვის მივეცი ხმა. ამიტომ ვითხოვე ჩვეულებრივი ბიულეტენი, კაბინაში შემყვა დედაჩემი, ვუთხარი, რომელი ნომრის შემოხაზვა მინდოდა და მან შემოხაზა ჩემს მაგივრად“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები ბრაილის შრიფტით აღარ დაბეჭდილა. ესმასაც აღარ დასჭირდება, რომ არჩევნებში მონაწილეობა დედის დახმარებით მიიღოს. უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩეველი არჩევანს დამხმარე ჩარჩოებითა და ლინზებით გააკეთებს:

„ცესკომ გააკეთა ჩარჩო, რომელშიც დებ ჩვეულებრივ ბიულეტენს. ჩარჩოს აქვს ამოჭრილი წრეები, რომელიც ემთხვევა საარჩევნო სუბიექტების ნომრებს. ზემოდან ქვემოთ გადათვლი, მარტივად გრძნობ ხელით და ხაზავ წრეს“.

ესმამ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა საშუალებებით უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტიდან შეიტყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საიტი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლისთვის. ამას გარდა, ინტენსიურად ტრიალებს საინფორმაციო რგოლი შშმ პირების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებაში. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, დღეს საქართველოს მასშტაბით 10 000-მდე უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩეველია, ცესკოს მონაცემებით კი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 140-მა უსინათლო ადამიანმა.

იმ საარჩევნო უბნის ინფრასტრუქტურა, სადაც 22 წლის იკო იაკობიძე აძლევს ხმას, ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის არ არის მოწყობილი. მართალია, მცირე, მაგრამ მაინც რამდენიმე ბარიერი უნდა გადალახოს იმისათვის, რომ საარჩევნო კაბინაში შევიდეს. სწორედ ამიტომ, მან რამდენიმე ხნის წინ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თხოვნით, რომ მის საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს პორტატიული პანდუსი დაემონტაჟებინათ:

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თითოეული ამომრჩეველი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, გამოვიდეს გარეთ და მივიდნენ თავიანთ უბნებზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენთვის, რომ ვანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენც მათი ნაწილი ვართ, ჩვენც ვართ სრულუფლებიანი წევრები და მათი შემადგენელი ნაწილი და არაფრით არ განვსხვავდებით მათგან. ეს მუხტი უნდა გაჩნდეს აუცილებლად. მესმის ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი“.

ცესკოს 2012 წლის 21 ივნისის დადგენილებით დარეგულირებულია იმ კატეგორიის საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის პროცედურა, რომლებიც ზედა კიდურების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ხმის მიცემას. მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს ზედა კიდურები, არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას. გარდა ამისა, ამომრჩევლის თანდასწრებით ბიულეტენს სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა - ეს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი მთავარი მისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ მიზნით ჯერ კიდევ 2012 წლიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიქმნა შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და თავად თემის წარმომადგენლები. ჯგუფის ერთ-ერთი ფუნქცია იყო შეესწავლა ის ხარვეზები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის პირები არჩევნებში აწყდებიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 634 საარჩევნო უბნიდან 1 150 უბნის ადაპტირება მოხერხდა. ეს რიცხვი წინა, 2012 წლის, საპარლამენტო არჩევნებისთვის ადაპტირებულ უბნებს ათჯერ აღემატება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა რადიო თავისუფლებას უხსნის და ათვალიერებინებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების თავისებურებებს:

„ჩვენ არ ვითვლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, ჩვენ ვთავაზობთ მათ ინკლუზიურ საარჩევნო გარემოს. მცირემხედველები გამოიყენებენ ე.წ. ლინზის ფურცელს, ხოლო უსინათლოები ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩოს, რისი დახმარებითაც მარტივად შეძლებენ სასურველი კანდიდატის მოძიებას და შემოხაზვას. სმენადაქვეითებული და ყრუ ამომრჩევლისათვის კაბინებში განთავსებული იქნება სპეციალური პოსტერი, სადაც როგორც ქართულად, ისე სომხურად და აზერბაიჯანულად დეტალურადაა გაწერილი ხმის მიცემის პროცედურები. რაც შეეხება სპეციალურ კაბინას ეტლით მოსარგებლეებისათვის, ის ისეთი ფორმისაა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანს არ გაუჭირდეს კაბინაში შესვლა და დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი“.

სოფო სიჭინავას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრმა უზრუნველყო 47 ათასზე მეტი კომისიის წევრის მომზადება შშმ პირთან საუბრის ეტიკეტისა და მათთან მოპყრობის შესახებ.

მიუხედავად ადაპტირებული უბნების მატებისა, ფაქტია, რომ კვლავაც არაა ადაპტირებული საქართველოს მასშტაბით არსებული საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი. ამ შემთხვევაში იგულისხმება იმ შენობა-ნაგებობების ინფრასტრუქტურა, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული. რაც შეეხება დამხმარე საშუალებებს, ანუ უსინათლოთათვის ბიულეტენის ჩარჩოებს, ლინზებს, ყრუთათვის პოსტერებს, ეს საშუალებები საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე იქნება განთავსებული. სოფო სიჭინავა ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ადაპტირებული უბნების რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG