Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

განმეორებითი არჩევნები ზუგდიდში სამ უბანზე გაიმართება


არჩევნების პირველი ტური ზუგდიდში
არჩევნების პირველი ტური ზუგდიდში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება განმუხურის საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება სასამართლოს კოლეგიამ ორი საათის წინ გამოაცხადა. სხდომას მოსარჩელე მხარე, „ერთაინი ნაციონალური მოძრაობა“ და მოპასუხეები – ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადმოწერა

„პროცესი წარიმართა ისე, როგორც იყო მოსალოდნელი. სასამართლომ ჩვენი არცერთი მტკიცებულება არ გაიზიარა. შესაბამისად, დატოვა ძალაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განუცხადა რადიო თავისუფლებას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა კვარაცხელიამ. განმუხურის უბნის ბათილობასთან დაკავშირებული საქმე უკვე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, 22 ოქტომბერს განმეორებითი ხმის მიცემა ზუგდიდის სამ, განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე გაიმართება.

შესაბამისად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია ემზადება განმეორებითი კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, გაკრვეული ცვლილებები შევა განმუხურის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში:

„პარტიას შეუძლია თუნდაც განმუხურში, საყვედურის გამოცხადების შემდეგაც, ძალაში დატოვოს თავისი კომისიის წევრი. აქ ლაპარაკია ოლქის მიერ არჩეულ ექვს წევრზე“, – განმარტა მირანდა მესხმა. პარალელურად, სამზადისში არიან პოლიტიკური სუბიექტები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა დამენიას განცხადებით, პარტია მზად არის ბრძოლისათვის: „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ბრძოლისთვის. მითუმეტეს, ეს სამივე ისეთი უბანია, რომლებშიც ჩვენ გამარჯვებული ვიყავით. განმუხურის უბანი დათვილი იყო და იქ 65 ხმით ვიყავით გამარჯვებული. ჯიხაშკარში, საერთო ჯამში, ალბათ, 150 ხმას აჭარბებდა ჩვენი გამარჯვება. სწორედ ამიტომაც ჩაშალა მთავრობამ ეს უბნები, რომ მათ იქ წააგეს“.

გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოც“. პარტიის შტაბის პრესსამსახურის უფროსის, მერი შენგელაიას განცხადებით, ისინი მასშტაბურ შეხვედრებს არ მართავენ, თუმცა განაგრძობენ „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობასთან კომუნიკაციას:

„სამ უბანზეა განმეორებითი კენჭისყრა და იქნებიან როგორც დამკვირვებლები, არასამთავრობოები, პრესა, ადგილობრივი, ჩამოსულები და ყველანი ნახავთ, როგორ მშვიდ გარემოში ჩატარდება არჩევნები“, – განმარტა მერი შენგელაიამ.

22 ოქტომბერს ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრა იმართება იმ მიზეზით, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, უბანი დაარბიეს, შედეგად – ის ჩაშლილად გამოცხადდა, ხოლო განმუხურის უბნის შედეგების გაბათილების მიზეზად საოლქო საარჩევნო კომისიამ დაფიქსირებული დარღვევები დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG