Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არჩევნების შეჯამება და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის სფეროები


საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ქუთაისელ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქალაქის სამი ოლქის მაჟორიტარ დეპუტატებად აირჩია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. მათ გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს კონკურენტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქუთაისის 48-ე ოლქის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე არჩევნების მეორე ტურს აფასებს და აცხადებს, რომ ქუთაისის მოსახლეობამ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსისთვის შექმნილი საფრთხე ვერ გააცნობიერა და გადაწყვეტილება ისე მიიღო.

აკაკი ბობოხიძისგან განსხვავებით, კენჭისყრის დღით კმაყოფილია არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი ქუთაისის 49-ე ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კობა ნარჩემაშვილი, რომელიც 2001-2003 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, ნარჩემაშვილი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, 300 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ. კობა ნარჩემაშვილი საქართველოს პარლამენტში აქტიურ მუშაობას გეგმავს, თუმცა საქმიანობის სფეროს არ აკონკრეტებს.

ქუთაისის 48-ე ოლქში არჩეული „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიმიტრი მხეიძე აცხადებს, რომ პარლამენტში აქტიურად გაუწევს ლობირებას სოციალურ საკითხებს და სამედიცინო საქმიანობასაც გააგრძელებს. დიმიტრი მხეიძე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია და ქუთაისში თავისი კლინიკა აქვს.

როგორც თავად აცხადებს, ქუთაისის განვითარებისთვის აპირებს პარლამენტში მუშაობას ქართული ოცნების კიდევ ერთი კანდიდატი 47-ე ოლქში, გენადი მარგველაშვილი. ის ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორია. გენადი მარგველაშვილის ინფორმაციით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ იგეგმება.

ქუთაისის ნომერ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 30 ოქტომბერს კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 50 222 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 31%-ია და 11%-ით ნაკლებია პირველ ტურში მონაწილეთა რაოდენობაზე. კომისიამ უკვე დაიწყო 129 საარჩევნო უბნიდან შესული 20-ზე მეტი საჩივრის განხილვა, რომლებიც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევას ეხება. 30 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებში დარღვევები დააფიქსირეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების დამკვირვებლებმაც და როგორც ორგანიზაციების წარმომადგენელები განმარტავენ, პროცედურულ დარღვევებზე შეადგინეს საჩივრები და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ, თუმცა, მნიშვნელოვანი დარღვევები,რომლებიც შედეგებზე გავლენას იქონიებს, არ გამოვლენილა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს, ქუთაისის გარდა, იმერეთის მხარის 11 მაჟორიტარული ოლქიდან სამში გაიმართა. როგორც პირველი, ისე მეორე ტურის შედეგების მიხედვით, იმერეთის რეგიონის ყველა ოლქში დეპუტატობის კანდიდატებად არჩეულნი არიან პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG