Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ექიმი დროისა და ტვინის გადასარჩენად ანუ Time is brain


ზურაბ ნადარეიშვილი
ზურაბ ნადარეიშვილი

ზურაბ ნადარეიშვილი ჯონს ჰოპკინსის სამეცნიერო ქსელის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორია ვაშინგტონში, ნევროლოგიის ასოცირებული პროფესორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. რადიო თავისუფლება დღეს მას წარმოგიდგენთ - კიდევ ერთ წარმატებულ ქართველ ექიმს ამერიკაში. გიამბობთ, როგორია ამ ექიმების ცხოვრება და საქმიანობა. ცხადია, გვაინტერესებს, როგორ მიაღწიეს მათ წარმატებას ამა თუ იმ სფეროში და რა ვითარებაა იმავე სფეროში საქართველოში; აქვთ თუ არა შესაძლებლობა, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ სამშობლოს; ვის უფრო მეტად უნდა აინტერესებდეს ეს ამბავი - მათ თუ საქართველოს სამედიცინო სისტემას. თანამედროვე მედიცინის უახლესი გამოწვევები და საქართველო - ქართველი ექიმის თვალით... ნახეთ და მოისმინეთ ზურაბ ნადარეიშვილის ამბავი.

გადმოწერა

თბილისში იყო, როცა ამერიკიდან ამბავი მოვიდა, ზურაბ ნადარეიშვილი წლის საუკეთესო ექიმი-კონსულტანტი გახდა ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სისტემაშიო. ძალიან დიდი ამბავია! ჯერ თავისთავად ის რად ღირს, ამერიკაში ინსულტის ცენტრის დირექტორი რომ გახდები და ახლა მთლად - ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სისტემაში საუკეთესოდ აღიარება!

უკვე ცნობილი ექიმი იყო, საქართველოში რომ დაბრუნდა გრძელი გზის მერე. ამ გზის ამბავი, ზოგადად, ყველამ იცის, იმათაც, ვინც წავიდა და დასავლეთის სამეცნიერო თუ პროფესიულ წრეებში ეძებდა ცოდნასა და საქმეს, და იმათაც, ვინც დარჩა და ამ ხალხს აქედან ადევნებდა თვალს.

ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ზურაბ ნადარეიშვილმა „თავისუფლების დღიურები“ დაწერა. ამ დღიურებში ასეთი აბზაცი იყო:

„საოცრებაა, ერთხელ, 80-იანი წლების დასაწყისში, მამა ავად იყო გულით და ასეთი რაღაც მითხრა: შენ ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში იმუშავებ, მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში, დასავლეთშიო... 80-იან წლებში ამის წარმოდგენა ძნელი იყო და ვიფიქრე, რამე ტვინის მოვლენები ხომ არ აქვს-მეთქი. არავითარი! აბსოლუტურად ადეკვატურად და სრული სერიოზულობით თქვა. კაი რა, რას ლაპარაკობ-მეთქი... არადა, მართლა ასე გამოვიდა. ეს წინასწარი ხედვა იყო მისი თუ რა იყო - სწორედ ასეთ ადგილას მოვხვდი. ჯონს ჰოპკინსის სამეცნიერო ქსელის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი მსოფლიოს ლიდერი ორგანიზაციაა ინსულტის დარგში, როგორც კლინიკური, ისე კვლევის თვალსაზრისით. ახალ-ახალ მეთოდებს ნერგავს და ამის საფუძველზე იცვლება კლინიკური პრაქტიკა”, - წერდა ზურა.

მამა კი ცნობილი ნევროლოგი იყო - გია ნადარეიშვილი, და, ასევე, მოჭადრაკე, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საჭადრაკო ეტიუდების დარგში.

ნევროლოგიაში მთავარი პრობლემა ინსულტიაო, ამბობს ზურა და მისი პრაქტიკული სამედიცინო თუ სამეცნიერო საქმიანობა სწორედ ინსულტის მკურნალობაა და, ასევე, ალცჰაიმერის პრობლემები.

ახლა შედარებით ხშირად ჩამოდის საქართველოში - საქმე აკავშირებს:

„ეს არის ჩემს ალმა მატერთან თანამშრომლობა, ხეჩინაშვილის კლინიკის ნევროლოგიის კათედრა. „რუსთაველის ფონდის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი იყო - თანამშრომლობა ქართველ ექიმ-მეცნიერსა, რომელიც დასავლეთში მუშაობს, და საქართველოს აკადემიურ ცენტრს შორის. ამ კონკურსში გავიმარჯვეთ და სამწლიანი გრანტი მივიღეთ, რომელიც გულისხმობს ჩვენს თანამშრომლობას მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის სფეროში. ეს არის წინაპირობა ნეიროდეგენერაციული მძიმე დაავადებების, ისეთების, როგორიც არის, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება, მისი ადრეული, ძალიან ადრეული ფორმა“.

- რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ ადრეული ფორმის კვლევა?

„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ პრობლემის ადრეული დადასტურება მოხდება, მართალია, მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ არის პრევენციული სტრატეგიები, რომლებიც შეამცირებს მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის გადასვლას ე. წ. დემენციაში. ფაქტობრივად, ეს ანელებს პროცესს. ყოველწლიურად შემთხვევათა, დაახლოებით, 10 პროცენტი გადადის მსუბუქი კოგნიტიური დაავადებიდან ალცჰაიმერის დაავადებაში. და ადრეული დიაგნოსტიკის მიზანია, რომ ალცჰაიმერით დაავადებულთა პროცენტი რამდენადაც შეიძლება შემცირდეს“.

რამდენი ადამიანი იტანჯება ალცჰაიმერის დაავადებით საქართველოში თუ მთელ მსოფლიოში, რამდენი იტანჯება იმაზე ფიქრით, რომ ერთ დღეს ეს საშინელი დაავადება დაემართება.

ზურა ამბობს, რომ ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ალცჰაიმერი, რადგან მედიცინა წინ წავიდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და, შესაბამისად, ეს დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება. მისივე თქმით, ეს მარტო ასაკობრივი დაავადება არ არის და ახლა ინტენსიური გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს.

ზურაბ ნადარეიშვილი ალცჰაიმერის პრევენციაზე მუშაობს.

ეს პრობლემა, ალბათ, ამქვეყნად ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს, რადგან ყველას უნდა, რომ დიდხანს იცოცხლოს და არავის უნდა, რომ ამ სიცოცხლის ბოლოს მძიმე ტვირთად დააწვეს შვილებსა თუ ოჯახის წევრებს ან, საერთოდაც, არავინ იცის, ვის, თუკი ოჯახიც არა აქვს...

- რაკი დემენციასთან დაკავშირებით უკვე ასე წინ მიდის მეცნიერება და მედიცინა, შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ანუ დემენციის მკურნალობის ეტაპზეც შეიძლება გადავიდეს?

„აი, ეს არის ახლა, დასავლეთის მედიცინის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაცვისა და მთელი სოციალური სისტემის უდიდესი პრობლემა. თქვენ რაც მკითხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ამაზე საუბრობს. ინტენსიური კვლევა მიდის და წამოვიდა რაღაც დადებითი სიგნალები (დემენციის) ე. წ. მეორე ფაზის კლინიკურ გამოკვლევებში. ზოგიერთი სპეციფიკური ბიოლოგიური პროდუქტები, ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები, გარკვეულ პოზიტიურ ნიშნებს იძლევა და ეს იქნება მართლა რევოლუციური აღმოჩენა, იმიტომ რომ ახლა რეალურად ორი-სამი წამალი გამოიყენება და ისიც წამალი არ არის, - უბრალოდ, ამცირებს დაავადების პროგრესირებას. ამიტომ გვჭირდება რაღაც, რასაც უკვე სამკურნალო ეფექტი ექნება“.

ეს, რაც ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება. მაგრამ ზურაბ ნადარეიშვილის ვიწრო სპეციალობა ინსულტია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.

ინსულტი, რომელიც საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, საბოლოო განაჩენია, ავის მომასწავებელი დიაგნოზი - ლოგინად ჩავარდნა, რომელიც ან სწრაფ აღსასრულს ნიშნავს, ან გრძელ და მტანჯველ უსუსურ ყოფას.

მაგრამ ეს გაგება და წარმოდგენები კარგა ხანია მოძველდა და აღარ არსებობს დასავლურ მედიცინაში, - აღარ არსებობს, რადგან სრულიად სხვაგვარია მიდგომა და გადარჩენის ტაქტიკა ინსულტის შემთხვევაში.

მე მგონი, ყველა ჩვენთაგანი მზად არის, რაღაც გააკეთოს ამ მხრივ. სხვადასხვაგვარი პროექტები არსებობს, ტელემედიცინა, რომელიც ვითარდება და, როგორც გავიგე, არის უკვე კლინიკები, რომლებიც დასავლურ ცენტრებთან თანამშრომლობენ. მე მგონია, რომ დასავლეთში მყოფი ყველა ექიმი წამოვა ასეთ თანამშრომლობაზე...
ზურაბ ნადარეიშვილი

უკვე მერამდენე შემთხვევაა - ტიპიური სურათია: „დედა სასწრაფოთი გადავიყვანეთ საავადმყოფოში. გვითხრეს ინსულტია და ახლა ვერაფერს ვიზამთ, უნდა მოვიცადოთო. რამდენიმე საათში ჩამოყალიბდება სურათი და მერე ვნახოთ, რა ტაქტიკა ავირჩიოთო...“

რამდენჯერ მოგვისმენია ეს ამბავი. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევები და ექიმები, მაგრამ საერთო სურათი ერთია, რადგან ამგვარია ინსულტის მკურნალობის წესი.

მაგრამ დასავლეთში ტაქტიკა თურმე სულ სხვანაირია და იქ არავინ გეტყვის, „დავიცადოთ, ჩამოყალიბდეს...“, იმიტომ რომ „დავიცადოთ“ ნიშნავს სისხლის ჩაქცევას.

ზურაბ ნადარეიშვილი ამბობს, ძალიან მინდა, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლო ქართველ ექიმებთანო.

- როგორ შიძლება, რომ შედგეს ეს თანამშრომლობა? ახლა რა დონეზეა თქვენს ცენტრში მკურნალობა? არა პრევენცია, არამედ, როცა ინსულტი უკვე მოხდა, როდესაც ფაქტი სახეზეა, მაგრამ არ ვიცით, ტვინში რა ხდება. დღეს რა ეტაპზეა ამის მკურნალობა? როგორია გამოჯანმრთელების შანსი?

„იცით, ჩვენ ვამბობთ, რომ რევოლუციურ ეპოქაში ვცხოვრობთ და, მართლაც, საოცრება მოხდა 2015 წელს. საოცრება იყო ენდოვასკულარული თერაპია, ანუ სისხლძარღვში კათეტერით შესვლა თრომბოკტომია და იქიდან სპეციალური კათეტერების მეშვეობით თრომბის მოცილება. ამაში თითქოს სიახლე არ იყო, 15 წელი ვაკეთებდით ამას, სამწუხაროდ, წარუმატებლად. ამან დიდი გამოცდილება შეგვძინა და მოხდა მნიშვნელოვანი გარღვევა“.

და მე კი, ისევ დროზე ვეკითხები, ავბედით სიტყვებზე: „დრო გვიჩვენებს...“

„თუ პაციენტი მოყვანილი იქნება 6 საათის განმავლობაში და აქვს გარკვეული პროფილი, ანუ ჯერ კიდევ არსებობს არანეკროზული ქსოვილი, ანუ ის, რაც რისკის ქვეშ იმყოფება (ამის გარკვევა შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით) და თუ მოხდა თრომბის მოცილება, ეს საოცრებას ახდენს! ეს არა მარტო პაციენტის გადარჩენას ნიშნავს, არამედ ფუნქციების თითქმის სრულ აღდგენას. ამას, რა თქმა უნდა, თავისი გამოწვევები ახლავს ორგანიზაციული თვალსაზრისით, ასეთი სპეციალისტები და ასეთი ცენტრები ყველა საავადმყოფოში არ არის. ამიტომაც იქმნება სპეციალური სისტემა, ხშირად, ავადმყოფს ახლომდებარე ჰოსპიტლებიდან გადმოვაფრენთ ხოლმე და სხვა... მოკლედ, ძალიან, ძალიან დიდი გარღვევა მოხდა“.

- კიდევ ერთხელ მინდა თქვენთან ერთად დავაზუსტო ინსულტის მკურნალობის სტანდარტები, რომ ჩვენი მსმენელისთვის გასაგები იყოს: ვთქვათ, მოხდა შემთხვევა, უკვე ნათელია, რომ სახეზეა ინსულტი და მოჰყავთ თქვენს ცენტრში. რა ხდება? თქვენ იმწამს იწყებთ მკურნალობას თუ ელოდებით, რას გვაჩვენებს დინამიკა, რაც ხშირად მოგვისმენია... მოკლედ, რა სტანდარტებია ამერიკაში?

„სტანდარტული პრაქტიკა ასეთია - ფაქტობრივად, ერთადერთი წამალი არსებობს ინსულტისთვის, ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი. და ინსულტი ენდოვასკულარული იქნება თუ არა, პირველ ეტაპზე აუცილებლად ეს წამალი უნდა მიეცეს. ეს უნდა მოხდეს პროცესის დაწყებიდან ოთხსაათ-ნახევარში, იმიტომ რომ შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება სისხლჩაქცევის რისკი, მაგრამ, როგორც ბრძანეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო, ყოველი წუთი! ეს ნერვული ქსოვილია, ამერიკაში ამბობენ - „Time is brain” („დრო ტვინია“)... ამიტომ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება შევკუმშოთ ეს დრო. როგორც კი შემოდის ავადმყოფი, ისეთივე სისწრაფით მოქმედებს გუნდი, როგორც, მაგალითად, „ფორმულა ერთის“ რბოლის დროს ტექნიკოსები ბორბლებს რომ ცვლიან. ერთი საქმის ერთ ნაწილს აკეთებს, მეორე - მეორეს, ექთანი გეხმარება, რადიოლოგი გეხმარება... როგორც წესი, ეგრეთ წოდებული „კარიდან - ნემსამდე“ დრო ერთ საათზე ნაკლები უნდა იყოს, რომ კარგი შედეგი მიიღო. ამას კი, რა თქმა უნდა, სჭირდება ინფრასტრუქტურის შექმნა - ეს არის ინსულტის ცენტრი. არსებობს „საერთო კომისია“, რომელიც სერტიფიცირებას ანიჭებს ინსულტის ცენტრებს და სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. უნდა არსებობდეს მიმღები განყოფილება, მიმღების ექიმს უნდა შეეძლოს ნევროლოგიური პრობლემის ამოცნობა (ეს ძალიან მოკლე, ხუთწუთიანი ნევროლოგიური გასინჯვაა). ნევროლოგის ყოფნა სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი. მიმღების ექიმმა შეიძლება ეს ნევროლოგთან ტელეფონის საშუალებით გაარჩიოს. რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია და რადიოლოგი, ან ნევროლოგს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა კომპიუტერთან მისვლის და სურათის ნახვის. საუნივერსიტეტო ცენტრებში ეს პრაქტიკულად პრობლემა არ არის, რადგან იქ მუდმივად არიან რეზიდენტები. მერე პასუხისმგებელი მორიგე, ანუ „ეთენდინგი“ ნახულობს სურათს და ამის შემდეგ აძლევენ პაციენტს წამალს. ინსულტის ცენტრებში შესაძლებელია არ იყოს საწოლები, მაგრამ გუნდი უნდა იყოს, კვალიფიციური გუნდი, რომელიც ასეთი აწყობილი სისტემით მუშაობს“.

ზურაბ ნადარეიშვილი
ზურაბ ნადარეიშვილი

- თუ სწორად გავიგე, თუკი ქვეყანას უნდა, რომ მსგავსი შედეგი ჰქონდეს, უნდა გაკეთდეს სპეციალური პროგრამა, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ეტაპს - გუნდის მომზადებიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურამდე.

"რა თქმა უნდა! ამას ასეთი სისტემური მიდგომა სჭირდება! რაც შეეხება გაიდლაინს, იყო გაიდლაინები ნათარგმნი, მაგრამ მე არ ვიცი, რამდენად დაინერგა“.

- ანუ გაიდლაინები გვაქვს?

„ნათარგმნი იყო ბრიტანული გაიდლაინი და, პრინციპში, ბრიტანული, ევროპული და ამერიკული გაიდლაინები ემთხვევა, ძალიან უმნიშვნელო სხვაობაა. არსებობს ასეთი დოკუმენტი, დიახ!“

- დიდი რესურსი თანამშრომლობის საქმეში შეიძლება იყოს ისეთი ხალხის მოწვევა, თქვენ რომ ბრძანდებით. ანუ ქართველი ექიმები, რომლებიც 1990-იან წლებში წავიდნენ საქართველოდან. ჩვენ გვყავს ექიმები, ვისაც ბევრი იდეის ჩამოტანა შეუძლია საქართველოში, დიდი გამოცდილების მოტანა შეუძლია. თითქოს ამის მცდელობა იყო, მაგრამ სისტემურად და მიზანმიმართულად ეს არ განხორციელდა. რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ? როგორ შიძლება ეს ხალხი სამშობლოს გამოადგეს?

„მე მგონი, ყველა ჩვენთაგანი მზად არის, რაღაც გააკეთოს ამ მხრივ. სხვადასხვაგვარი პროექტები არსებობს, ტელემედიცინა, რომელიც ვითარდება და, როგორც გავიგე, არის უკვე კლინიკები, რომლებიც დასავლურ ცენტრებთან თანამშრომლობენ. მე მგონია, რომ დასავლეთში მყოფი ყველა ექიმი წამოვა ასეთ თანამშრომლობაზე. და, ამასთან ერთად, იმედია, კლინიკაში იქნებიან რეზიდენტები, სტუდენტები, რადგან ასეთი თანამშრომლობა სწავლებასაც გულისხმობს, ალბათ“.

სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ალბათ, არ შეიძლება იმის იმედად ვიყოთ, რომ წარმატებული ქართველი ექიმები შეძლებენ უცხოეთშიც იმუშაონ და ჩვენშიც. ეს არ არის რეალისტური, მაგრამ, ალბათ, რეალისტურია ის, რომ ზურაბ ნადარეიშვილმა, მაგალითად, იმ ინსულტის გუნდის მომზადებაში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც „ფორმულა ერთის“ გუნდს ადარებდა...

„დიახ, შესაძლებელია. დღევანდელ პირობებში, როცა არსებობს ვიდეოკონფერენციები, ეს შეიძლება გამოყენებული იყოს კლინიკური შემთხვევებისთვის ან განათლების მიზნით. ეს მომავლის დახმარება იქნება, რა თქმა უნდა, მომავალი თაობებისთვის იქნება“.

სულ ცოტა ხნის წინ შედგა ზურაბ ნადარეიშვილის საზეიმო დაჯილდოება. კოლეგებმა მიულოცეს წლის საუკეთესო ექიმი-კონსულტანტის წოდება ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სისტემაში. მერე სოციალურ ქსელებში საგანგებო ვიდეოც გავრცელდა: დგას ქართველი ექიმი ზურაბ ნადარეიშვილი ამერიკელი კოლეგების გარემოცვაში და თავის თავზე კი არა, ზუსტად იმ გუნდზე ლაპარაკობს, წამებში და შეწყობილად რომ მუშაობენ ხალხის გადასარჩენად ინსულტის ცენტრის კარიდან - პირველ ნემსამდე...

ჩვენც გვინდა გვქონდეს ასეთი კარი, რომლის ზღურბლთანაც ასეთი ექიმების შეწყობილი გუნდი დაგველოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG