Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ ჯილდო დააწესა ინფორმაციისათვის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად


გერმანიამ 100 ათასი ევროს (105 ათასამდე დოლარის) ჯილდო დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც მოჰყვება ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის, 24 წლის ტუნისელი მამაკაცის, ანის ამრის დაკავება. ფედერალური პროკურატორის 21 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა შეიარაღებული და სახიფათო იყოს. პროკურატურა მოსახლეობას მოუწოდებს, პოლიციას შეატყობინოს ამრის დანახვის შემთხვევაში. „ანის ამრი 178 სანტიმეტრი სიმაღლის არის და 75 კილოგრამამდე იწონის, აქვს შავი თმა და წაბლისფერი თვალები“, ნათქვამია განცხადებაში. ვრცელდება მისი ფოტოც. ვარაუდობენ, რომ ამრი იჯდა საჭესთან სატვირთო მანქანაში, რომელიც 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეიჭრა, მოკლა 12 და დაჭრა 50-მდე ადამიანი. ცნობების თანახმად, ანის ამრის მთელი ევროპის მასშტაბით ეძებენ. მედიაში გავრცელებული ცნობით, ამრი შარშან ჩავიდა გერმანიაში თავშესაფრის თხოვნით. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, რალფ იეგერმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა უარი მიიღო გერმანიაში თავშესაფარზე და აგვისტოში ტუნისში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ საამისოდ საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა. ამავე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი უცნობი არ იყო გერმანიის კონტრტერორისტული უწყებისათვის: მასთან დაკავშირებული ინფორმაცია გასულ თვეში განიხილეს. ბერლინში 19 დეკემბერს მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG