Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო სექტორი საკადრო ოპტიმიზაციის მოლოდინში


მინისტრთა კაბინეტის სხდომა
მინისტრთა კაბინეტის სხდომა

სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტით შემცირებას სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელი სხვადასხვანაირად გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებაში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც თანამშრომელთა საქმიანობას შეაფასებს, შინაგან საქმეთა მინისტრი კი საკადრო რეორგანიზაციას „ბალასტისგან“ უწყების გათავისუფლებით აპირებს. როგორ განხორციელდება საკადრო ოპტიმიზაცია სამინისტროებში?

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც, მართალია, სხვა საკითხს ეძღვნებოდა, ჟურნალისტების შეკითხვის შემდეგ მაინც განმარტა 21 დეკემბერს გაკეთებული განცხადება. მისი თქმით, ეს განცხადება სამინისტროში საკადრო ოპტიმიზაციას შეეხებოდა და გულისხმობდა იმ ხალხისგან უწყების გათავისუფლებას, „ვინც არის ბალასტი და ვერ დაეწევა განვითარების ტემპს, რომელსაც სამინისტრო გეგმავს“:

გადმოწერა

„არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარის ირგვლივ, რომელიც შეეხებოდა უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციას. მე ვიხმარე სიტყვა „ბალასტი“, გიდასტურებთ. დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას. ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს და სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

საკადრო რეორგანიზაციის ჭრილში ნახსენები სიტყვა „ბალასტის“ გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის, ოთარ კახიძის, თქმით, მინისტრი იარლიყს აკერებს ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, რეორგანიზაციის კვალდაკვალ უმუშევრები დარჩნენ:

ახლა დაერივნენ სამინისტროების ქვედა რგოლის თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობენ და რომელთა ზურგზეც გადადიოდა ძირითადი საქმე. ამიტომ ამ ტიპის ოპტიმიზაცია სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას უფრო გამოიწვევს, ვიდრე შეღავათს მისცემს ბიუჯეტს...
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ადამიანებს, რომლებსაც მოუწევთ სამსახურის დატოვება ოპტიმიზაციის თუ რეორგანიზაციის გამო, მათ უნდა აუხსნან, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გამო ასეთი ზომების მიღება უწევთ და ბოდიში მოუხადონ და ასე განხორციელდეს ოპტიმიზაციის პროცესი და არ უნდა დაამცირონ და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ და მათ ბალასტის იარლიყი არ უნდა მიაწებონ. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი ქმედება, რადგან ადამიანები ისედაც უმუშევრად დარჩებიან“.

ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, 10 პროცენტით სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების შემცირება. სახელმწიფო უწყებების დეგრადაციისკენ მიმავალ გზად აფასებს ხელისუფლების კიდევ ერთი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზურაბ ჭიაბერაშვილი:

„მაშინ როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტებით არის სავსე რაიონული გამგეობები, ისინი ახლა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ახლა დაერივნენ სამინისტროების ქვედა რგოლის თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობენ და რომელთა ზურგზეც გადადიოდა ძირითადი საქმე. ამიტომ ამ ტიპის ოპტიმიზაცია სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას უფრო გამოიწვევს, ვიდრე შეღავათს მისცემს ბიუჯეტს“.

იმას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შემცირება პრობლემად შეიძლება ექცეს ხელისუფლებას, აცნობიერებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება ცოტა ადამიანს შეეხოს ოპტიმიზაციის პროცესი, თუმცა ის გარდაუვალია:

„სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, რთულია ჩვენ შევამციროთ შტატები, შევამციროთ კონკრეტული ადამიანები, სამსახურიდან დავითხოვოთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“.

თანამშრომელთა დათხოვნას არა, მაგრამ მათი შრომის შეფასებას გეგმავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 22 დეკემბრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან განმარტა, რომ პირველადი ამოცანა არ არის კადრების შემცირება. სამინისტროში ახალი სამსახური შეიქმნება, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი:

„ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10 %-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. მასზე, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, არამცთუ არ იმოქმედებს [შემცირება], არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და, პირიქით. ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით ხელფასის სამართლიანი გადანაწილება და არა რუტინული მინუს 10 % ან მიზანმიმართული შემცირებები“.

ნინო ცუხიშვილი
ნინო ცუხიშვილი

მინისტრების უმრავლესობას საერთოდ არ განუმარტავს, რა წესით აპირებს უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნინო ცუხიშვილი ამბობს, არ არსებობს საკადრო ოპტიმიზაციის ერთიანი ხედვა და თითოეული სამინისტრო ინდივიდუალურად წყვეტს, როგორ მიუდგეს საკითხს. სამინისტროებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვა, თუ რა არგუმენტაციით ასაბუთებენ ოპტიმიზაციის აუცილებლობას. ასევე არ არსებობს საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციური ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რაც, მთლიანობაში, აჩენს კითხვას გათავისუფლების შემთხვევებში დისკრიმინაციის ხიფათთან მიმართებით:

„აქამდე არსებული პრაქტიკის საფუძველზე არსებობს საქმეები, სადაც შერჩევის ან დისკრიმინაციული ნიშნებით მოხდა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება, ყველაზე დიდი სტატისტიკა არის ის, რომ 2015-1016 წლებში პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებენ საჯარო მოხელეები სამსახურს. მნიშვნელოვანია, რომ ნათლად იყოს განსაზღვრული შტატების ოპტიმიზაციის პროცესი უშუალოდ სამინისტროს შიგნით როგორ ხორციელდება ამ მიმართულებებით. ახლა რა შთაბეჭდილებაც რჩება, არის ის, რომ საკმაოდ ქაოტურად ხორციელდება ეს პროცესი და ძალიან მოკლე ვადებში ანონსდება კონკრეტული სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, თუმცა დასაბუთება, თუ რატომ თავისუფლდება კონკრეტულად ეს რაოდენობა ან ამ სფეროებიდან რატომ თავისუფლდებიან საჯარო მოხელეები, არ არის წარმოდგენილი“.

მედიასთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც ილაპარაკა უწყებაში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე. თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელი საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილიც.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG