Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში


2 იანვარს დასრულდა ამერიკელი სენატორების: ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი კლობუშარის ვიზიტი საქართველოში. ორშაბათს ისინი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვივნენ, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სენატორებმა გვირგვინით შეამკეს საერთაშორისო და სამშვიდობო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და ამერიკელი ქვეითებისადმი მიმართვისას ლევან იზორიამ განაცხადა: „საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია აშშ-სთან თანამშრომლობა. ჩვენ ვაფასებთ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მწამს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება დემოკრატიული ფასეულობების ერთგული და აშშ-სთან ერთად წვლილს შეიტანს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების საქმეში, ვინაიდან ჩვენ, ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ძმებო და დებო, მუდამ ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც“. სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია თავის ორ კოლეგასთან ერთად საქართველოში ყოფნა: „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ საზღვაო ქვეითებს, რომლებიც ამ სადღესასწაულო დღეებში თავიანთი სახლებიდან და ოჯახებისგან შორს არიან და იღვწიან მშვიდობისათვის თავიანთ მამაც ქართველ კოლეგებთან ერთად. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს, ვინც აქ მსახურობს და მათ ამხანაგებს, რომლებიც დღეს ავღანეთში არიან და იბრძვიან ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ ბოროტი ძალის - თალიბანის წინააღმდეგ. ვლადიმირ პუტინის გამო, მსოფლიო გაცილებით საშიში გახდა. 2008 წელს ამ ქვეყანაში უკანონოდ და ამორალურად შემოიჭრნენ რუსები. დღეს ჩვენ გვაქს ანექსირებული ყირიმი და ამორალურად დაპყრობილი უკრაინის სუვერენული სახელმწიფო. რუსეთი ახორციელებს უდიდეს ზეწოლას ბალტიისპირეთის მამაც სახელმწიფოებზე. გუშინ ვეწვიეთ საქართველოს ნაწილს, რომელიც ანექსირებულია ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის მიერ. იყო მსოფლიოს გამოცდის სხვა დროც, როცა ჩვენი ლიდერი იყო რონალდ რეიგანი. მას ეკუთვნის ძალიან მარტივი ფრაზა - „მშვიდობა ძლიერების გზით“. თქვენ წარმოადგენთ რონალდ რეიგანის მემკვიდრეობას. თქვენ ხართ ძლიერების გზით მშვიდობის მიღწევის ხორცშესხმა და ეს არის გზავნილი რუსეთისა და მსოფლიოს ამ ნაწილისთვის. მწამს, რომ ჩვენი დემოკრატიები გაიმარჯვებენ. ისინი ეფუძნებიან საერთო ცნებებს - ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე,თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა“.

XS
SM
MD
LG