Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატმა ბარაკ ობამამ გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა ქვეყნის მოქალაქეებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დემოკრატმა ბარაკ ობამამ, გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა ქვეყნის მოქალაქეებს. ჩიკაგოს კონგრესცენტრში გამოსვლისას ბარაკ ობამამ ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა და მთავარ საფრთხეებს შორის დაასახელა რასიზმი და ეკონომიკური უთანასწორობა. ობამამ ამერიკელებს შეახსენა საფრთხე, რომელსაც მსოფლიო წესრიგს უქმნის რელიგიური ფანატიკოსებისა და ავტოკრატიული მმართველობების მიერ კანონების და ადამიანის უფლებათა დარღვევა. „ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ არ შეგვეშინდეს. ‘ისლამური სახელმწიფო’ შეეცდება დახოცოს უდანაშაულო ადამიანები, თუმცა, ვერ შეძლებს ამერიკის დამარცხებას, თუკი ამ ბრძოლაში არ ვუღალატებთ ჩვენს კონსტიტუციას და პრინციპებს. ჩვენი მეტოქეები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, ვერ დაეწევიან ჩვენს გავლენას მსოფლიოში, თუკი თავად არ ვიტყვით უარს ჩვენს ფასეულობებზე და არ გადავიქცევით მორიგ დიდ სახელმწიფოდ, რომელიც მასზე პატარა მეზობლებს ჩაგრავს“ - განაცხადა ბარაკ ობამამ. მან აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ყველაფერი, რათა გამოწვევებს გაუმკლავდეს და რჩება ყველაზე მდიდარ, ყველაზე ძლიერ და ყველაზე ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ დედამიწაზე. „ჩვენი ახალგაზრდობა, შემართება, მრავალფეროვნება და გახსნილობა, რისკის გაწევისა და განახლების უსაზღვრო შესაძლებლობა ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენი უნდა იყოს. თუმცა, ეს პოტენციალი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იმუშავებს ჩვენი დემოკრატია და თუკი ჩვენი ძალაუფლება უკეთესად ასახავს ჩვენი ხალხის ღირსებას“ - განაცხადა ბარაკ ობამამ. მან აღნიშნა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში აშშ-ს ჰქონდა წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით, ქვეყანამ დაძლია ეკონომიკური ვარდნა და იზრდება სამუშაო ადგილები. ბარაკ ობამამ მიღწევებს შორის დაასახელა კუბასთან ურთიერთობის აღდგენა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორთა ლიკვიდაცია. ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობას გამოსათხოვარი სიტყვით მშობლიური ქალაქიდან, ჩიკაგოდან მიმართა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტების უმრავლესობა ამას თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან აკეთებდა. ბარაკ ობამა, რომელიც ამჟამად 55 წლისაა, ორჯერ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად - 2008 და 2012 წლებში. მისი უფლებამოსილება ოფიციალურად ამოიწურება 20 იანვარს, როცა ფიცს დადებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.

XS
SM
MD
LG