Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩიც შეუერთდა მწერლებს, რომლებმაც რუსეთის პენ-ცენტრი დატოვეს


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა დატოვა რუსეთის პენ-ცენტრი, რომლიდანაც პროტესტის ნიშნად უკვე გავიდა რამდენიმე ცნობილი მწერალი. მათ შორის არის გრიგორი ჩხარტიშვილი, რომელიც ნაწარმოებებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით აქვეყნებს. ალექსიევიჩმა 11 იანვარს გამოაცხადა, რომ ორგანიზაციას ტოვებს პენ-ცენტრიდან ჟურნალისტისა და აქტივისტის, სერგეი პარხომენკოს გარიცხვის გამო. მანამდე, 10 იანვარს გრიგორი ჩხარტიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პენ-ცენტრი არ იცავს დევნილი მწერლების ინტერესებს და ამდენად „არაფერი აქვს საერთო“ პენის საერთაშორისო მოძრაობასთან. წინა დღეს პოეტმა ლევ რუბინშტეინმა და მწერალმა ალექსანდრ ილიჩევსკიმაც დატოვეს რუსეთის პენ-ცენტრი, პარხომენკოს გარიცხვის გასაპროტესტებლად. ოფიციალურად, პარხომენკო გარიცხეს „პროვოკაციული ქმედებებისათვის“, მაგრამ თავად პარხომენკოს ვარაუდით, ის დასაჯეს, რახან რუსეთის პენ-ცენტრი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მხარს არ უჭერს უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს, რომელიც 20-წლიან პატიმრობას იხდის რუსეთის ციხეში. პენი მწერლების საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის 1921 წელს ლონდონში დაარსდა ხელოვანთა შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად და სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი დამოუკიდებელი პენ-ცენტრებით.

XS
SM
MD
LG