Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჟბეუქ-მელიქოვის საღებავებით გამოძერწილი სამყარო


საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნული გალერეა მასპინძლობს მეოცე საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლის, შესანიშნავი კოლორისტისა და ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია მხატვრის საქართველოში დაცული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნამუშევარი სამუზეუმო თუ კერძო კოლექციებიდან - გრაფიკული და ფერწერული ტილოები: პორტრეტები, პეიზაჟები, თბილისის ყოფის ამსახველი სურათები. ექსპოზიცია მხატვრის დაბადებიდან 125 და გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება.

გადმოწერა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნული გალერეის ოთხ დიდ დარბაზში თავი მოიყარა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის ჯადოსნურმა სამყარომ, რომელშიც, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, დროის მიღმა, მოქმედების განუსაზღვრელ ადგილას აუჩქარებლად მოძრაობენ, ნეტარებენ, თამაშობენ, ოცნებებს ეძლევიან როგორც მშვენიერ, ფერადოვან კოსტუმებში გამოწყობილი, ასევე შიშველი ქალები, აკრობატები, მეფოკუსეები და ჟონგლიორები, ცირკის მსახიობები. ასეთია ბაჟბეუქ-მელიქოვის სამყარო - ჯადოსნურ-ფანტასტიკური ფერწერა, რომელსაც, ეროვნული გალერეის მმართველის, ეკა კიკნაძის თქმით, ბობოქარ სოცრეალიზმის ეპოქაში თავი შეაფარა გამორჩეული ნიჭის კოლორისტმა:

ეკა კიკნაძე
ეკა კიკნაძე

„თავშესაფარი იპოვა სუფთა მხატვრულ სპეციფიკურ სამყაროში, რომელშიც მას ვერავინ შეედავებოდა. არის მისი თემები, პორტრეტები, ცირკის თემატიკა, რომელიც ძალიან უყვარდა და ხშირად ხატავდა. აქაც არის წარმოდგენილი რამდენიმე ტილო („ცირკი“, „მოხეტიალე ცირკი“ და ა.შ.). მისი თავშესაფარი არის სპეციფიკურად მხატვრული პრობლემატიკა, კოლორიზმი, რომელშიც ის დაემალა სოცრეალიზმს და იმ პროპაგანდას, რომელიც მაშინ იყო საყოველთაოდ მიღებული. თავისი ხელოვნებით გახდა არა რეჟიმის, არამედ ხელოვნების მსახური. ეს არის ყველაზე დიდი შეფასება, რაც მხატვარსა და, მით უმეტეს, იმ თაობის წარმომადგენელ ხელოვანზე შეიძლება ითქვას“.

მაინც როგორი იყო ბაჟბეუქ-მელიქოვის შემოქმედებითი სამყარო? ვინ იყვნენ მისი პერსონაჟები? რა ცოდნასა და გამოცდილებას ემყარებოდა მხატვრის შემოქმედება? ირენა ოგანჯანოვა, პროექტის ავტორი და გამოფენის ერთ-ერთი კურატორი, განმარტავს:

ირენა ოგანჯანოვა
ირენა ოგანჯანოვა

„ბაჟბეუქი წარმოშობით სომეხია, მაგრამ ის არის ძირძველი თბილისელი. მათი საგვარეულო ოთხასი წელია სახლობს თბილისში. ის თბილისელი მხატვარია. მუშაობდა მოსე თოიძის სტუდიაში. ბაჟბეუქი მეგობრობდა ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ძმებ ზდანევიჩებთან. აქ გვაქვს გამოფენილი ლადო გუდიაშვილის პორტრეტი და კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც შესრულებულია იმ პერიოდში, როცა ბაჟბეუქი იყო ძალიან ახალგაზრდა. ბაჟბეუქი, ზდანევიჩი და გუდიაშვილი ერთად გადიოდნენ პლენერზე. ამ პერიოდის ტილოა, რომლის უკანა მხარეს რუსულად ვკითხულობთ: „ილიას საშა მელიქოვისაგან“. აქ გამოფენილ ტილოებზე, რა თქმა უნდა, ვხედავთ ქალებს, რომლებსაც გატაცებით ხატავდა... ვხედავთ ფანტასტიკური ენერგეტიკის ტილოებს, კოლორიზმის უმაღლესი დონის ნამუშევრებს“.

ირენა ოგანჯანოვას თქმით, ბაჟბეუქ-მელიქოვი გამოკვეთილად აპოლიტიკური შემოქმედი იყო. თითებზე ჩამოსათვლელია მისი ე. წ. თემატური ნახატები, მათ შორის, ახალგაზრდა სტალინის, ალექსანდრე წულუკიძისა და ლადო კეცხოველის პორტრეტები. ამგვარმა აპოლიტიკურობამ და არაანგაჟირებულობამ კვალი დაამჩნია მხატვრის მატერიალურ ყოფას. ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე ამბობს, რომ 1937 წელს ბაჟბეუქ-მელიქოვს დაატოვებინეს როგორც მხატვართა კავშირი, ასევე სამხატვრო აკადემია. ნიშანდობლივია ისიც, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ გარდაცვალებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე მიანიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.

დავით ანდრიაძე
დავით ანდრიაძე

„1936 წელს ბაჟბეუქის ერთი ნამუშევარი მოეწონა ბერიას და გაიკითხა, ვისი იყო ნამუშევარი, რომელზეც ნახევრად შიშველი ფიგურებიც იყო გამოსახული. მოგეხსენებათ, ბერია არ იყო გულგრილი ქალთა სქესის მიმართ და გადაწყვიტა ბერიამ, რომ მისთვის მიეცა ბინა პლეხანოვზე, დღევანდელ აღმაშენებელზე თაღიანი შენობა რომ არის, სადაც მაშინდელი ინტელიგენცია ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ ერთმა მხატვარმა დააბეზღა, ეგიშე ჩარენცთან მეგობრობსო, ჩარენცი კი უკვე რეპრესირებული იყო და ამის გამო ბაჟბეუქს არ მისცეს ბინა და მთელი ცხოვრება გაატარა ერთოთახიანში, რომელიც მისი ბინაც იყო და სახელოსნოც“, უთხრა დავით ანდრიაძემ რადიო თავისუფლებას.

სწორედ ამ ნახატებით გამოტენილ ერთოთახიან ბინაში ეწვია მხატვარს გალაკტიონ ტაბიძე შორეულ 1950 წლის 28 თებერვალს. საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში დაცულ ჩანაწერებში ვკითხულობთ:

„შემხვდა ბაჟბეუკ-მელიქოვი. წინადადება მომცა, წავყოლოდი სახლში, დამეთვალიერებია მისი სურათები. სახლში გამაცნო მისი და, ხნიერი ქალი. რა კარგი ადამიანებია და როგორ ღარიბები! ერთ პატარა ოთახში ოთხი ადამიანი ცხოვრობს. როგორ უნდა ჰხატოს? მისი ქალიშვილი მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. მისახსოვრეს სურათი, ზეთით დახატული „ოქროს ქალიშვილი“. უნდა დავეხმაროთ!“

თუმცა, როგორც ბაჟბეუქის უმცროსი ქალიშვილი, ასევე შესანიშნავი მხატვარი, ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვა იხსენებს, მხატვარს დიდად ვერც ვერავინ დაეხმარა - ოჯახი ნახევრად მშიერი იყო და ეს მაშინ, როცა მხატვარი დღეში 15-16 საათი მუშაობდა. წლების შემდეგ ზულეიკა იხსენებდა, რომ განსაკუთრებულად დრამატული როლი ითამაშა სწორედ საცხოვრებელი ბინის სივიწროვემ, რომლის კედლები ვერ იტევდნენ მხატვრის ტილოებს:

„როცა ხატვას მორჩებოდა, ნამუშევარს რამდენიმე თვით სკივრში ინახვდა, არავის აჩვენებდა. შემდეგ ან მიიღებდა ნახატს, ან გაანადგურება, მესამე გზა არ არსებობდა. თუ მიიღებდა, მაშინ კედლიდან ჩამოხსნიდა რომელიმე ძველ ნახატს და მის ნაცვლად ახალს დაკიდებდა. ძველი უადგილოდ რჩებოდა - პატარა ბინის კედლები მხოლოდ 110 ნამუშევარს იტევდა. შესაბამისად, ძველი ნახატი ნადგურდებოდა. ან უნდა ეკიდოს, ან საერთოდ არ უნდა იყოსო, ასეთი პრინციპი ჰქონდა. ამიტომ სოცოცხლის ბოლოს ნახატების რაოდენობა ისევ 110 იყო. ალბათ, დიდი სახელოსნო რომ ჰქონოდა, მეტი ნახატი გადარჩებოდა“.

თუმცა რაც გადარჩა, ისიც შთამბეჭდავია, რადგანაც, თუ კვლავ ვახტანგ ბერიძეს დავესესხებით, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი იყო ფერმწერი თხემით ტერფამდე, რომელიც აზროვნებდა საღებავებით, ფერებით. ადრეული ნამუშევრების ფაქტურა ბრტყელია, მაგრამ, როცა უცქერი მის ტილოებს, გეჩვენება, რომ თითქოს მხატვარი ქმნიდა არა ფუნჯით, არამედ პირდაპირ ხელებით, საღებავებით ძერწავდა და გამოიხმობდა არარსებობიდან თავისი სამყაროს მოქმედ ფიგურებს. შესაბამისად, როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობს, ამგვარი შემოქმედი, ცხადია, მიუღებელი იქნებოდა ოფიციალური საბჭოთა კულტურისთვის, რომლის წნეხსაც მთელი ცხოვრება უძალიანდებოდა მხატვარი:

„და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის ადამიანები, რომლებიც ამ იდეოლოგიურ წნეხს მაინც ეწინააღმდეგებოდნენ, ცდილობდა უფრო მეტი პორტრეტი დაეხატა, რასაკვირველია, არ გასულიყო რეალიზმის ჩარჩოებიდან, მაგრამ, ამავე დროს, ღრმად კომუნისტური იდეოლოგიით აღსავსე სურათები არ ეხატა. და, ამ მხრივ, მართლაც საინტერესოა არა წინააღმდეგობა იდეოლოგიისა, არამედ ის, თუ როგორ შეიძლებოდა თავი აგერიდებინა იმდროინდელი მეინსტრიმისათვის“.

გასული საუკუნის 30-50-იან წლებში კი (ანუ სტალინის პერიოდში) მეინსტრიმისთვის თავის არიდება, სულ ცოტა, საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების შიმშილისთვის გაწირვას ნიშნავდა. მანანა გედევანიშვილი - ცნობილი ფიზიოლოგის, აკადემიკოს დიმიტირი გედევანიშვილისა და ქართული კინოს ვარსკვლავის, თამარ ციციშვილის ქალიშვილი - იხსენებს შორეულ 1949 წელს, როცა მხატვარს უკიდურესად გაუჭირდა:

მანანა გედევანიშვილი
მანანა გედევანიშვილი

„ეს გაიგო ინტელიგენციამ და დიწყეს მასობრივად შეკვეთა გრაფიკული პორტრეტებისა. ერთი ოჯახი აგზავნიდა მეორესთან და ა. შ. ასე მოვიდა ჩვენს ოჯახშიც და დაგვხატა მე, ჩემი ძმა და მშობლები. გამოფენაზეა ოთხივე პორტრეტი. ამ ხატვის პროცესში მამამ სთხოვა, თუ თქვენ დათანხმდებითო, შეგიკვეთავთ მთელი ოჯახის დიდ ფერწერულ ტილოს და შესაბამის ჰონორარს გადაგიხდითო, ოღონდ თქვენს გოგონასთან ერთად იარეთ ჩვენთან ყოველდღე, ვისადილოთ და თანაც დახატეთო“.

როგორც მანანა გედევანიშვილი იხსენებს, ბაჟბეუქ-მელიქოვმა თავის ქალიშვილ ზულეიკასთან ერთად გედევანიშვილების ბინაში, რომელიც ყორღანოვის (ახლანდელი ქიაჩელის) ოც ნომერში მდებარეობს, თითქმის მთელი ერთი წელი იარა. შედეგი, ანუ ფერწერული ტილო „გედევანიშვილების ოჯახი“, ამჟამად ეროვნულ გალერეაში გამოფენაზეა წარმოდგენილი.

„მაშინ სკოლიდან ყველაზე ადრე მოვდიოდი, ამიტომ დამსვამდა და დიხანს მხატავდა. დედ-მამა და ჩემი ძმა დიდხანს არ ჩერდებოდნენ - არც ეცალათ, სახლშიც იშვიათად იყვნენ, მე კი საათობით მხატავდა, ვიტანჯებოდი გაშეშებული. ბაჟბეუქი იყო ძალიან სიმპათიური, მორიდებული და დიდ პატივისცემას იწვევდა ჩემში, თან ვიცოდი, რომ დიდი მხატვარია. ეს მისი გოგონაც, ზულეიკა, დაახლოებით ჩემი ასაკის იყო... საღამოს ჩვენები რომ მოდიოდნენ, ექვსი საათისთვის ვსხდებოდით და ყველანი ერთად ვსადილობდით. დედასთან და მამასთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ახლაც არის ნახატზე გამოსახული ეს ოთახი, სავარძელი, ეს სურა და ყველაფერი“, - უთხრა მანანა გედევანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გედევანიშვილების ოჯახი
გედევანიშვილების ოჯახი

ბაჟბეუქ-მელიქოვი, მატერიალური შეჭირვების მიუხედავად, სიცოცხლეშივე აღიარებული მხატვარი იყო, რაზეც მეტყველებს კიდეც მისი მეგობრობა თავისი დროის უდიდეს მხატვრებთან - ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ილია ზდანევიჩთან. ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის არქივში შემორჩენილია 1952 წლის 5 ივლისით დათარიღებული წერილი, რომლიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი სულიერი ნათესაობა აკავშირებდა მათ:

„გუშინწინ ვიყავი მხატვარ დავით კაკაბაძის გასვენებაში. ჭეშმარიტი მხატვარი - ჭკვიანი, განათლებული, კულტურული. დაკრძალეს დიდი ზარ-ზეიმით. ვბღაოდი. ბოლო მომენტში ვეამბორე მის ჭკვიან, ნათელ, მაგრამ უკვე უსიცოცხლო შუბლს. გუშინაც საშინლად დათრგუნული ვიყავი. ვერაფრით დავიძინე. მუშაობის თავი არ მქონდა. წავედი ლადოსთან. ლადომაც ძალიან განიცადა. გასვენებაში ბევრი იტირა. ჩვენ ხომ სამეული ვიყავით... დავითი, ლადო და მე... უნუგეშო მწუხარების გამო დავლიეთ. რა არის ჩვენი ხელოვნება!..“

ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის ხელოვნებას კი ყველაფერში ეტყობა, რომ დიდი ფერმწერის შემოქმედების ნაყოფია - ასე ფიქრობს ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე, რომლის თქმითაც, კვალი, რომელიც მხატვარმა ახალი და უახლესი ქართული ფერწერის განვითარებას დაამჩნია, ახლაც თვალსაჩინოა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

„შეიძლება ითქვას, რომ მთელი თაობები გამოზარდა, იღონდ როგორ, იცით? მის სახელოსნოში დადიოდნენ ახალგაზრდა მხატვრებდი. აკადემიაში არ გააჩერეს. სახელოსნოში კი დადიოდნენ მასთან დიბო, ავთო ვარაზი, ზურაბ ნიჟარაძე... ესენი ყველანი თვლიან ბაჟბეუქს თავის მასწავლებლად. მაგრამ ბაჟბეუქი არ იყო სტილიზატორი და არ ჰქონდა პრივატიზებული მანერა, ამიტომ ის შინაგანი ტექნიკა ფერწერისა, რომელიც მას ჰქონდა, არ იძლეოდა საშუალებას, რომ პირდაპირი გამგრძელებელი ყოფილიყავი მისი. ბაჟბეუქი არის მომავლის მხატვარი. ეს ხომ არის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ პირველი გამოფენა, 100, 150 და მეტი წლის შემდეგ ბაჟბეუქის სახელი კიდევ უფრო მაღლა აიწევს. ის არის ყველაზე დიდი ევროპეისტი ქართულ მხატვრობაში“, უთხრა დავით ანდრიაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG