Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდამდე გაიზარდა ბოლო დღეებში დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი


უკრაინა აცხადებს, რომ კიდევ ერთი ჯარისკაცი მოუკლეს ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ბოლო ოთხია დღეა გამწვავდა ბრძოლა მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის. უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, დაიჭრნენ კიდევ ცხრა სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი. გასულ რამდენიმე დღეში სულ შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ბოლო კვირების ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია. ისინი დღეს დაკრძალეს. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ საომარი მოქმედებების განახლებაში, ძირითადად ქალაქ ავდიევკის გარშემო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ვითარების გამწვავება აღმოსავლეთ უკრაინაში „აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ უხეშად უგულებელყოფს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“. მოსკოვი კიევის ამ ბრალდებას „პროვოკაციულს“ უწოდებს. ეს შეფასება დღეს გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აბუ-დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე: „ყველამ იცის, ვის შეჰყავს ჩიხში ვითარება უკრაინაში. ამის მორიგი მტკიცებულებაა კიევის ბოლო პროვიკაციები, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა. გერმანიის მკვეთრად მიკერძოებულ პრესაშიც კი - მგონია, გაზეთმა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგმა“ აღიარა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების გამწვავება, რათა უკრაინა არ დაივიწყონ. ეს მის სინდისზე იყოს! მან ხელი მოაწერა მინსკის შეთანხმებებს და ვალდებულია, ისინი შეასრულოს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა აბუ-დაბიში, სადაც იმართება რუსულ-არაბული თანამშრომლობის ფორუმი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, ვლადისლავ ჰუსინსკის თქმით, დღეს დილით განხორციელდა 175 სამოქალაქო პირის, მათ შორის 88 ბავშვის ევაკუცია ავდიივკიდან. სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ამ ქალაქის დაბომბვის შედეგად მოსახლეობის ნაწილი წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა.

XS
SM
MD
LG