Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისათვის ცეცხლის გახსნაში


უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს შავი ზღვის თავზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისათვის ცეცხლის გახსნაში. თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, როცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაკის განცხადებით, მას ესროლეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხომალდიდან. ცნობების თანახმად, თვითმფრინავმა დაზიანებები მიიღო, მაგრამ მშვიდობიანად დაბრუნდა ბაზაზე და არავინ დაშავებულა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი უარყოფს ბრალდებას. როგორც შტაბის წარმომადგენელმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“, უკრაინის თვითმფრინავი „პროვოკაციულად“ მოქმედებდა „უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე“ ფრენით, მას სასიგნალო პისტოლეტით მიაწოდეს ოთხი სიგნალი და "არანაირი საფრთხე" არ შეუქმნიათ. ინციდენტი მოხდა ადგილობრივი დროით დღის 12-ტ საათამდე შავის ზღვის თავზე - იმ ადგილთან, რომელზეც უკრაინაც და რუსეთიც აცხადებენ პრეტენზიას. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. სწორედ ყირიმში, სევასტოპოლის ნავსადგურშია ბაზირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტი.

XS
SM
MD
LG