Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გულიკო ჯანოვა: „ბერძნები საქართველოდან სიდუხჭირის გამო გავიდნენ“


ახალციხე
ახალციხე

ახალციხეს ტოლერანტობის სიმბოლო თავის დროზე მხოლოდ იმის გამო უწოდეს, რომ აქ მცხოვრებთა დიდ ნაწილს ეროვნული და რელიგიური უმცირესობა წარმოადგენდა. ქართველებისა და კომპაქტურად ჩასახლებული სომხების გარდა, სამცხეში უკრაინელები, პოლონელები, ბერძნები და ებრაელები მრავლად ცხოვრობდნენ. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალციხეში ებრაელთა სასაფლაო ჯერ კიდევ 400 წლის წინ გაჩნდა. რაც შეეხება სინაგოგას, იგი 1741 წელს აშენდა. სიმონ ლევიშვილის განმარტებით, ებრაელთა გასვლის შემდეგ სამხრეთ საქართველოში მათი რიცხვი ძალიან შემცირდა.

პოლონელები სამცხე-ჯავახეთში 1830-იანი წლებიდან ჩნდებიან. კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მასობრივი ჩამოსახლება არ ყოფილა - მათი დიდი ნაწილი მეფის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობისთვის, ხოლო მეორე ნაწილი საბჭოთა ჯარში მსახურების გამო აღმოჩნდა საქართველოში. ამჟამად ახალციხეში პოლონელთა 50-მდე ოჯახია დარჩენილი. პოლონელთა კავშირის თავმჯდომარე გურამ კაპერსკი აღნიშნავს, რომ პოლონეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდები უკან ბრუნდებიან, თუმცა უმუშევრობის გამო საქართველოს დატოვება მაინც უწევთ. წუხს, რომ უსახსრობის გამო სათანადოდ პოლონელთა საზოგადოებაც ვეღარ ფუნქციონირებს.

2002 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ამ დროისათვის 200-მდე ბერძნული ოჯახი ცხოვრობს. ბოლო ხანებში მათი რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, პოლონელების მსგავსად, საქართველოდან წასვლას არც ახალციხელი ბერძნები აპირებენ. ამჟამად რეგიონში ძირითადად შერეული ბერძნულ-ქართული და ბერძნულ-სომხური ოჯახები ცხოვრობენ. ე.წ. ,,რკინის ფარდის“ გახსნის შემდეგ ბევრი ბერძენი საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა სამცხე-ჯავახეთის ბერძენთა საზოგადოების თავმჯდომარე გულიკო ჯანოვა აცხადებს, რომ მათ შორის აქ მცხოვრები ბერძნები ნაკლებად იყვნენ.

პოლონელების, ებრაელებისა და ბერძნების გარდა, ახალციხეში უკრაინელებიც მრავლად ცხოვრობდნენ, მაგრამ, დანარჩენ უმცირესობათა მსგავსად, ახალციხეში მათი რიცხვიც შემცირდა. ამბობენ, რომ საქართველოს შვილები არიან და წასვლას არსად აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG