Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად


30-ზე მეტი კაცი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა დღესავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. მომხდარზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელთა თქმით, მას შემდეგ, რაც შენობის უკანა შესასვლელში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა, ჰოსპიტალის შენობაში შევარდა სამედიცინო ხალათში გამოწყობილი სამი შეიარაღებული თავდამსხმელი და სროლა ატეხა. 400-საწოლიანი ჰოსპიტალი ავღანეთში აშშ-ის საელჩოს შენობის მახლობლად მდებარეობს. იქვეა განთავსებული სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილი ორი საავადმყოფო. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, დავლათ ვაზირის განცხადებით, ბრძოლა უსაფრთხოების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს თავდამსხმელების მოკვლა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას დაგმო თავდასხმა და მას უწოდა „თავდასხმა ავღანელ ხალხსა და ავღანელ ქალებზე“: „ყველა რელიგიის მიხედვით, საავადმყოფო ყველაზე დაცულ ადგილად ითვლება და მასზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას მთელ ავღანეთზე“, აღნიშნა ავღანეთის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG