Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში სინიანის რეგიონმა საგანგებო ზომები შემოიღო „ექსტრემიზმთან“ საბრძოლველად


ჩინეთის შორეულ დასავლეთში მდებარე სინიანის რეგიონმა შემოიღო ახალი ზომები, რომლებიც, მისი განცხადებით, წარმოადგენს რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის კამპანიის ნაწილს. ახალი წესები რეგიონის პარლამენტარებმა მიმდინარე კვირაში დაამტკიცეს და ისინი 1 აპრილს ამოქმედდა. მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, იკრძალება „არანორმალურად“ გრძელი წვერის და მთელი სხეულის და სახის დამფარავი სამოსის ტარება, ისევე, როგორც უარის თქმა ტელევიზიით ან რადიოთი გადაცემული სამთავრობო პროპაგანდის მოსმენაზე. სინიანში წარსულშიც მიუღიათ ზომები, რეგიონის წარმომადგენლების თქმით მზარდი ისლამისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. რეგიონში მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს ძირითადად მუსლიმი, თურქულენოვანი უიღურების ეთნიკური ჯგუფი. ბოლო წლებში რეგიონი მღელვარებით და სისხლიანი შეტაკებებით გამოირჩევა. პეკინი ძალადობაში ისლამისტ ექსტრემისტებს ადანაშაულებს, თუმცა, უფლებადამცველების შეფასებით, მღელვარება წარმოადგენს რეაქციას ჩინეთის რეპრესიულ პოლიტიკაზე.

XS
SM
MD
LG