Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მშრომელთა დოვლათი არასასურველ პირობებში


სამკერვალო ფაბრიკა ქუთაისში
სამკერვალო ფაბრიკა ქუთაისში

საქართვლოს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, კვლავ აქტუალურია შრომითი პირობებისა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, რადგან ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამუშაოს დროს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. ანგარიშში 12 გვერდი ეთმობა შრომის უფლებების დარღვევის მომოხილვას და რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და სხვადასხვა უწყების მიმართ. ანგარიშის მიხედვით, დასაქმების ადგილებში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად შესაბამისი მექანიზმების არარსებობა პრობლემად რჩება და მის აქტუალობას გამოკვეთს მონაცემები, რომელთა მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 56 და დაშავდა 85 ადამიანი.

გადმოწერა

სამოქალაქო აქტივისტი, მხატვარი ლია უკლება, რომელიც სოციალურ თემებზე ხშირად ქმნის ნამუშევრებს, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა შრომა არაჯეროვნადაა შეფასებული და მისი ნახატების გმირები ხშირად ის ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის დოვლათს ქმნიან არასასურველ პირობებში და ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც. ნახატები „საკერავი და სხვა მანქანები“ და „მაღაროელი ებძვის სიბნელეს“ მხატვრისთვის სოციალური პროტესტის ერთგვარი ფორმებია.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ლია უკლება ამბობს, საზოგადოების სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც გასულ წელს ტყიბულში მეშახტეთა ხანგრძლივი გაფიცვის დროს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა.

შრომითი უფლების დარღვევის სხვადასხვა ფაქტებზე დაზარალებულთა ადვოკატირებას აქტიურად ახორციელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისი და, როგორც ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი აცხადებს, ბოლო დროს გამოიკვეთა საჯარო სამსახურებიდან და კერძო სტრუქტურებიდან დასაქმებულთა დათხოვნის ტენდენცია რეორგანიზაციიისა და ოპტიმიზაციის საფუძველზე. გიორგი სანტურიანისვე განცხადებით, ორგანიზაციას ხშირად მიმართავენ მოქალაქეები კუთვნილი ანაზღაურების მისაღებად სასამართლოში სარჩელის მომზადების თხოვნით. როგორც იურისტი ამბობს, ამ დროისთვის ორგანიზაცია შრომითი უფლებების დასაცავად 7 საქმეზე ადვოკატირებს სასამართლოში და ერთ-ერთი მათგანი წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულის ინტერესების დაცვას ეხება.

მოქალაქეთა შრომით უფლებებზე საუბრისას საჯარო სამსახურებსა და კერძო კომპანიებში დასაქმებულთა უკანონოდ გათავისუფლებულებზე აკეთებს აქცენტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორი ლელა მოწონელიძეც, რომლის განცხადებით, გასულ წელს 139 საქმეზე მიმართეს სასამართლოს. აქედან 59 საქმე სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდა და დანარჩენზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა.

ლელა მოწონელიძისავე განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებისას ხშირად იკვეთება დისკრიმინაციის ნიშნები, პოლიტიკური მოტივი და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებელია ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, რის შესახებაც რეკომენდაციით არააერთხელ მიმართეს მთავრობას. დასაქმებულთათვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად არსებულისგან განსხვავებული შრომის ინსპექციის შექმნის რეკომენდაციას ბოლო წლების ანგარიშებში მუდმივად გასცემს სახალხო დამცველიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG