Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები: ლაშა თორდიას მიერ გავრცელებული ცნობები მცდარია


საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ გავრცელებული ცნობები მცდარია. „რეალობა სულ სხვაა, რაც დასტურდება ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა გამოკითხვისას განმარტა, რომ იმას, რაც კაფე-ბარში, „ელ ცენტროში“ ნახა, ინციდენტსაც ვერ უწოდებს, რადგან რამდენიმე წამს გრძელდებოდა. ადვოკატებმა ჟურნალისტებს გააცნეს შემთხვევის ადგილას მყოფი პირების გამოკითხვის ოქმები, რომელთა თანახმად, თორდიას მხრიდან აგრესია ადეკვატურად და პროპორციულად განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ. ”მტკიცებულებებით სახეზე გვაქვს რომ ოთარ ფარცხალაძე არის ლაშა თორდიას მიერ პროვოცირების მცდელობის მსხვერპლი” - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა. მისივე თქმით, შეკითხვებს იწვევს ისიც, თუ რატომ არ გამოიჩინა ლაშა თორდიამ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ მიმართა სამართალდამცავებს ინციდენტის დასრულებისთანავე. ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებითვე, მათ დაადგინეს, რომ ინციდენტი მოხდა ღამის ორის ნახევრისთვის, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კლუბი მალევე დატოვა, გენერალური აუდიტორი კი ადგილზე დარჩა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დილის შვიდი საათისთვის მიმართა. „მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება, რაც არა თავდასხმაზე, არამედ მომხდარის პოლიტიზებაზე მეტყველებს,“ - განაცხადა ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა.

XS
SM
MD
LG