Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი, რომელიც მინისტრის მიოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა. ელჩის დაბარება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიულოცა ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგები. „ის, რაც მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ელჩთან, იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ევროკავშირს არაერთხელ გაუვრცელებია განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და დაუგმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციული ქმედებებიც. „როცა ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი, ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე“ - განაცხადა დავით დონდუამ. მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. დავით დონდუამ იმედი გამოთქვა, რომ ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე სათანადო რეაქცია ექნებათ ევროკავშირის ხელმძღვანელებს. თავის მხრივ, ელჩმა, იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ, ე.წ. საპრეზიდენტი არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება ჰერბერტ ზალბერის განცხადებას, იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ის განმარტებას თავად გააკეთებს. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან შეხვედრის მომდევნო, ივნისში დაგეგმილი რაუნდის მოსამზადებლად 16 მაისს იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც შეხვდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ანატოლი ბიბილოვს. ადგილობრივი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ზალბერი დე ფაქტო პრეზიდენტს, ბიბილოვს ულოცავს ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგებს და მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყებას.

XS
SM
MD
LG