Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წელი შესრულდა ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნიდან


ორი წელი შესრულდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნიდან. თარიღის აღსანიშნავად ცენტრში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდცავის მინისტრი, ლევან იზორია, გენერალური შტაბის ხელმძღვანელები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ლევან იზორიას შეფასებით, რეგიონში უპრეცედენტო, ერთობლივი ცენტრი ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ყველაზე ამბიციური პროექტია. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატოს სტანდარტების შესაბამისად მიმდინარე წვრთნების შედეგად, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა და აკმაყოფილებს უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე თუნდაც, 2 წლის წინ იყო. "ჩვენი საბოლოო მიზანია დავუახლოვდეთ ნატოს და გავხდეთ მისი სრულუფლებიანი წევრი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს. დღესვე წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევების გადაცემის ცერემონია. M240 ტიპის ტყვიამფრქვევები ეტაპობრივად შეცვლის საქართველოს შეიარაღებაში არსებულ, საბჭოთა წარმოების PKM-ის ტიპის ტყვიამფრქვევებს. "მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია საქართველოს ჯარი აღვჭურვოთ M-240 ტიპის იარაღით, რომელიც ნატოს სტანდარტული შეიარაღებაა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და კიდევ ერთი მაგალითია ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებისა, დავეხმაროთ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში" - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

XS
SM
MD
LG