Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში იმყოფება


თბილისში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, იგი ორშაბათს საღამოს შემდეგ არ ეხმიანებოდა სატელეფონო ზარებს. მუსტაფაევამ მიმართა საქართველოს პოლიციას. ჟურნალისტის ახლობლები შიშობდნენ, რომ მუხტარლი შესაძლოა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა.

სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ცნობილი გახდა, რომ მუხტარლი ბაქოში იმყოფება. რადიო თავისუფლება ესაუბრა მის ადვოკატს, ნემათ ქარემლის, რომლის თქმითაც, მუხტარლი თავად დაუკავშირდა მას ბაქოდან და უთხრა, რომ ადვოკატის დახმარება სჭირდება. მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი მეუღლის პასპორტი, რომელიც თბილისში დარჩა. ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ აღმოჩნდა მუხტარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. 2015 წლიდან იგი იძულებული იყო თბილისში ეცხოვრა.

როგორც აზერბაიჯანული საინტერნეტო არხი Meydan TV იტყობინება, ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა „იატაკქვეშეთი“. მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუხტარლი. Meydan TV-ს ცნობით, ჯეირანოვი და ბაირამლი ამ დღეებში დააკავეს - ერთი საქართველოს სამართალდამცველებმა, მეორე კი აზერბაიჯანის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც ის იძულებული შინ დაბრუნებულიყო, ვინაიდან საქართველომ მას არ გაუგრძელა ვიზა.

როგორც მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა სამშაბათს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული ვინაიდან, მუხტარლი იკვლევდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს საქართველოში.

ლეილა მუსტაფაევამ მომხდარისთვის საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ის თავის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს.

XS
SM
MD
LG