Accessibility links

რუსეთში დააკავეს ალექსეი ნავალნი და ანტიკორუფციული აქციების ასობით მონაწილე


რუსეთის ათობით ქალაქში გაიმართა მასობრივი ანტიკორუფციული აქციები, რომლებიც ორგანიზებული იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მიერ. თავად ნავალნი დააკავეს მისივე სახლის სადარბაზოში, სანამ აქციაზე წავიდოდა. დაკავებულია აგრეთვე აქციების ასობით მონაწილე - მარტო მოსკოვში 650-ზე მეტი კაცი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი. „თუ ადამიანი რამენაირად მაინც იაქტიურებდა: ან ჟურნალისტებთან კონტაქტში შევიდოდა, ან რაღაც ლოზუნგს წამოიძახებდა, ან პლაკატი მიჰქონდა, ან თუნდაც რუსეთის დროშა ... წარმოგიდგენიათ, რამხელა დანაშაულია? კაცი რუსეთის დროშით, „რუსეთის დღეს“, ეროვნული დროშით სეირნობს ქალაქის ცენტრში - ეს ყველაფერი ხდებოდა დაკავების მიზეზი. იქ იყო ომონელების ექვსკაციანი ჯგუფები, რომლებიც ხალხში შევარდებოდნენ ხოლმე, ვიღაცეებს ძალიან უხეშად ხელებს გადაუგრეხდნენ და პოლიციის მანქანებში ტენიდნენ“, - უთხრა ჩვენი რადიოს რუსულენოვანი ტელეპროექტის, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" კორესპონდენტს ოპოზიციონერმა ილია იაშინმა. მოსკოვში მთავარი ანტიკორუფციული აქცია გაიმართა ქალაქის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე, „რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფონზე. ალექსეი ნავალნი, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის კრიტიკით, ცდილობს ისარგებლოს რუსეთში საპროტესტო მუხტის გაძლიერებით და მოახდინოს მხარდამჭერების მობილიზება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ნათელი არ არის, მისცემს თუ არა კრემლი თავად ნავალნის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG