Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა დაიცვა შვილი, რუსეთთან კავშირებზე ცნობებს კიდევ ერთხელ უწოდა "კუდიანებზე ნადირობა"


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის ვაჟს უწოდა "ღია, გამჭვირვალე და უდანაშაულო", მას შემდეგ, რაც გავრცელდა ელექტრონული წერილები, რომლებიც მიუთითებს, რომ უმცროსი ტრამპი მიესალმა რუსეთის შეთავაზებას მამამისს დახმარებოდნენ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 12 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დაგმო მედიაში გავრცელებული ცნობები, ისევე, როგორც რამდენიმე სახის გამოძიება, რომლებიც კონცენტრირებულია ცნობებზე, რომ მისი კამპანიის წევრებს კავშირი ჰქონდათ რუსეთთან. ტრამპი ამ ცნობებს უწოდებს "კუდიანებზე ნადირობის უდიდეს შემთხვევას პოლიტიკურ ისტორიაში." შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟიშვილის, უმცროსი დონალდ ტრამპის თქმით, 2016 წელს რუს იურისტთან შეხვედრისას, მას არ მიუღია ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისათვის ღირებული ინფორმაცია და ამის გამო შეხვედრის თაობაზე არაფერი უთქვამს მამისათვის. ამის შესახებ უმცროსმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ნიუ-იორკში ტელეკომპანია "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუს დროს: „არაფერი არ ყოფილა, არაფერი იყო (მამაჩემისათვის) სათქმელი! იცით, არც კი გამახსენდებოდა, ამ თემის ქექვა რომ არ დაწყებულიყო. უბრალოდ, 20 წუთი დავკარგე, რაც ძალიან საწყენი იყო“, - განაცხადა უმცროსმა დონალდ ტრამპმა 11 ივლისს. "ფოქს ნიუსთან" ამავე ინტერვიუში მან აღიარა, რომ შესაძლოა შეხვდა რუსეთის სხვა წარმომადგენლებსაც - და არა მარტო ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიას. ამ უკანასკნელს კი უმცროსი ტრამპი შეხვდა მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ მოსკოვი ცდილობდა, ხელი შეეწყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისათვის და ვესელნიცკაიას ხელთ ჰქონდა საამისოდ გამოსადეგი ინფორმაცია. ამერიკელი კონგრესმენების ნაწილის შეფასებით, ვესელნიცკაიასთან უმცროსი დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთთან შეთქმულების ნიშნებს ატარებს.

XS
SM
MD
LG