Accessibility links

საოკუპაციო ზოლთან იმართება საპროტესტო აქცია - „არა ოკუპაციას“


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან იმართება საპროტესტო აქცია - „არა ოკუპაციას“. ჟურნალისტები და მოქალაქეები, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმულ “სასაზღვრო” ბანერთან ტრანსპარანტებითა და ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ „მცოცავ ოკუპაციას“. ბერშუეთში საღამოს რვა საათზე გაიმართება კიდევ ერთი, ამჯერად მდუმარე აქცია. აქცია თბილისში დაგეგმილი „ქართველთა მარშის“ პარალელურად მოეწყობა. ბერშუეთში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ნამდვილი მტერი სწორედ საოკუპაციო ხაზთან დგას და მტრები არ არიან საქართველოში მცხოვრები უცხოელები. დღეს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება ”ქართველთა მარში”. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, აქციის მოთხოვნებია შემდეგი: სასწრაფო წესით მიიღონ ახალი საიმიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მიღების პროცესი; ასევე, აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე; შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად. სამოქალაქო პლატფორმა „არაფობიას“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ”ქართველთა მარშთან” დაკავშირებით სათანადო ზომები მიიღოს, უზრუნველყოს მისი კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან იქნეს აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის“ დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, წესრიგს დაიცავს პოლიცია, რომელიც კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG