Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა. ეს განცხადება პოროშენკომ გააკეთა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ჩავიდა. ორივე პრეზიდენტი ესაუბრა ხურვალეთელ დავით ვანიშვილს, რომელსაც მავთულხლართების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე უწევს ცხოვრება. „ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არ არის ოკუპაციის ხაზი: ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის! თვალებში ჩახედეთ ამ ადამიანებს მავთულხლართებს მიღმა. ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის შედეგი,“ განაცხადა პოროშენკომ. ხოლო გიორგი მარგველაშვილმა უკრაინასა და საქართველოს უწოდა ქვეყნები, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას. ხურვალეთში ჩასვლამდე მან და პეტრო პოროშენკომ მოინახულეს ასევე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი. იქ მათ ქართული პოლიციის საგუშაგოდან დურბინდით დაათვალიერეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

XS
SM
MD
LG