Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოს მთავრობამ მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დასტურად შეაფასა ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ორდღიანი ვიზიტი, რომელიც 31 ივლისს იწყება. „საქართველოს მთავრობამ მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რაც უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია და ვითარდება ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატიც, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, დემოკრატიის განვითარების და კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებებით. „ვფიქრობთ, მაიკ პენსის ვიზიტი იქნება ამ ურთიერთობებისთვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზეც, „ღირსეული პარტნიორი,“ რომელიც 30 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტომდე გასტანს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სწავლება, რომელიც წელს მესამედ ტარდება, მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. სწავლებაში, "ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2800-ზე მეტი სამხედრო და ამერიკული და გერმანული საბრძოლო ტექნიკა. სწავლება მიზნად ისახავს სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალთა საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდას და მისი მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას.

XS
SM
MD
LG