Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: ირანს „რამდენიმე საათიც“ ეყოფა ბირთვული შეთანხმებიდან გასასვლელად


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებით, ირანი იოლად შეძლებს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან გასვლას, თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს „სანქციებისა და იძულების“ პოლიტიკას. როჰანიმ პარლამენტარებისადმი მიმართვაში, რომელიც ტელევიზიითაც აჩვენეს, განაცხადა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციები „სანქციებისა და იძულების“ წარუმატებლობამ დაარწმუნა ირანთან მოლაპარაკების საჭიროებაში და თუ ამჟამინდელ ადმინისტრაციასაც სურს სანქციების კურსის გაგრძელება, ირანი ძალიან მალე - რამდენიმე საათში, ან დღეში - შეძლებს, დაუბრუნდეს ბირთვულ პროგრამას. „ბირთვული შეთანხმება არის ომსა და ცალმხრივობაზე მშვიდობისა და დიპლომატიის გამარჯვების ნიმუში. ეს არის ის, რასაც უპირატესობას ანიჭებს ირანის ისლამური რესპუბლიკა, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება ქვეყნის ერთადერთი არჩევანი“, - განაცხადა როჰანიმ. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, როცა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების „დახევით“ დაიმუქრა, მსოფლიოს დაანახა, რომ „არ არის კარგი პარტნიორი“. ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანმა მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან დადო, ითვალისწინებს მის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას ბირთვული პროგრამის შეკვეცის საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG