Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა წყალბადის ბომბი


ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა წყალბადის ბომბი. მანამდე, დღეს დილას, სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, რომ მიწისქვეშა ბიძგები იქნა აღრიცხული პუნგერის პოლიგონის რაიონში. წინასწარი ვარაუდით, ბიძგები არ იყო დაკავშირებული ბუნებრივ სეისმურ პროცესებთან. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ფხენიანმა წარმატებით განახორციელა ბირთვული იარაღის მეექვსე გამოცდა და ეს სერიოზულ ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის ბირთვული პროგრამის დასრულების გზაზე. სამხრეთი კორეა გამოვიდა მოწოდებით, რომ ფხენიანი უმკაცრესად დაისაჯოს, მათ შორის გაეროს ახალი სანქციებით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვირტერში დაწერა, რომ ფხენიანის სიტყვები და ქმედებები კვლავაც ძალზე მტრული და სახიფათოა შეერთებული შტატებისთვის. ჩინეთმა მოსთხოვა ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს „უმართებულო“ ქცევა და მას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პატივისცემისკენ მოუწოდა. ფხენიანი 2006 წლიდან ახორციელებს ბირთვულ გამოცდებს, რითიც არღვევს გაეროს რეზოლუციებს და უმკაცრეს რეაქციას იწვევს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მხრიდან.

XS
SM
MD
LG