Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი „ღალატს“ უწოდებს ერაყელი ქურთების რეფერენდუმს დამოუკიდებლობის შესახებ


თურქეთმა „ღალატში“ დაადანაშაულა ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ლიდერი, მასუდ ბარზანი, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამო. ხოლო ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ გამორიცხავს მოლაპარაკებას ქურთების რეგიონის საკითხზე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 26 სექტემბერს ანკარაში გამოსვლისას გააფრთხილა ერაყელი ქურთები, რომ შიმშილით დაიხოცებიან, თუ თურქეთი საზღვარს ჩაუკეტავს სატვირთო ავტომანქანებს. მისი თქმით, განიხილება ყველა შესაძლებლობა - მათ შორის ეკონომიკური და სამხედრო ზომები - ჩრდილოეთ ერაყში 25 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე საპასუხოდ. ქურთების ავტონომიურ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 72%-მა, რომელთაგან დიდი უმრავლესობა, სავარაუდოდ, 90%-ზე მეტი მიემხრო რეგიონის დამოუკიდებლობას. ამ ინფორმაციას ავრცელებს ქურთების ტელევიზია „რადოუ“. საბოლოო შედეგები 27 სექტემბერს არის მოსალოდნელია. ერაყში, ირანში, თურქეთსა და სირიაში ცხოვრობს 30 მილიონამდე ეთნიკური ქურთი და მთავრობები შიშობენ, რომ სეპარატიზმი ჩრდილოეთ ერაყიდან მათ ქვეყნებზეც გავრცელდება. პირველ რიგში, თურქეთი მიიჩნევს რეფერენდუმს მუქარად თავისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ქურთების რეფერენდუმზე ერდოანის გამოხმაურებამდე, ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გამორიცხავს მოლაპარაკებას ქურთების რეგიონის შესაძლო ჩამოშორების საკითხზე.

XS
SM
MD
LG