Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი კლიჩკო გამოდის კიევში ბორის ნემცოვის ძეგლის დადგმის ინიციატივით


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გამოდის უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთი სკვერისთვის მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელის მინიჭების, ხოლო სკვერში მისი ძეგლის დადგმის ინიციატივით. კლიჩკო თავის ვებსაიტზე წერს, რომ ამ იდეაზე უკვე ესაუბრა ნემცოვის ქალიშვილს, ჟანას. ახლა კიევის საქალაქო საბჭომ უნდა განიხილოს მერის ინიციატივა. კლიჩკო გამოთქვამს რწმენას, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ნემცოვისთვის ძეგლის დადგმას. კიევის მერის აზრით, ნემცოვის მკვლელობა უკავშირდება მის შეხედულებებსა და „ხელისუფალთა მიმართ კრიტიკას“. რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მისმა ახლობლებმა და მხარდამჭერებმა არაერთხელ მოითხოვეს მკვლელობის ადგილას, დიდ მოსკვორეცკის ხიდზე მემორიალური დაფის განთავსება, მაგრამ მოსკოვის ხელმძღვანელობა უარზეა. მოსკოვში სახლიდან, სადაც ნემცოვის ცხოვრობდა, უკვე ორჯერ მოხსნეს მემორიალური დაფა.

XS
SM
MD
LG