Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აპენინის ნახევარკუნძულზე მოგზაურობს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი სან-მარინოში შეხვდა ამ რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს - ამის შესახებ 19 ოქტომბერს იუწყება ოსური საინფორმაციო სააგენტო რესი. მისი ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართა სან-მარინოს პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალესანდრო ბევიტორისა და სოციალ-დემოკრატების ჯგუფთან, მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის და ეკონომიკის და კულტურის სფეროებში კონტაქტების დამყარების პერსპექტივა. სააგენტო რესის ცნობითვე, 18 ოქტომბერს დიმიტრი მედოევმა რომში გამართა პრესკონფერენცია იტალიური მედიასაშუალებებისთვის და შეხვდა „ევროპარლამენტში სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წარმომადგენელს" ჯულიეტო კიეზოს, რომელსაც „დიპლომატიური პასპორტი“ გადასცა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი 14 ოქტომბრიდან იმყოფება იტალიაში, სადაც მედოევის ინფორმაციით, ის მიიწვია პეზაროსა და ურბინოს პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ალბერტო დრუდიმ. „ეს არანაირი ვიზიტი არ არის და მხოლოდ კერძო პირის ინიციატივას წარმოადგენს“ - განუცხადა 19 ოქტომბერს, თბილისში ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იტალიის ოფიციალური მხარდაჭერა, რომელსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „მსგავსი ტიპის ნაბიჯებს ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ და ეს არის უფრო სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად ინფორმირებულია და არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

XS
SM
MD
LG