Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: აშშ-ის მიერ RT-ზე ზეწოლა "თავდასხმაა"


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა ცნობები, რომ ვაშინგტონი მოითხოვს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელეარხი, RT, რეგისტრაციაში "უცხოეთის აგენტის" სტატუსით გაატარონ. პუტინმა ამას უწოდა "თავდასხმა" რუსეთის მედიაზე და განაცხადა, რომ პასუხი შესაბამისი იქნება. მედიასაშუალება, რომელსაც უწინ "რაშა თუდეი" ერქვა, თავის ვებსაიტზე 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ბოლო ვადად 13 ნოემბერი დაუწესა საიმისოდ, რომ რეგისტრაცია გაიაროს აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარგლებში. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ამ მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს. რადიო თავისუფლებას 9 ნოემბერს კომენტარზე უარი უთხრა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც არც ადასტურებს და არც უარყოფს RT-სთვის ამგვარი მოთხოვნის წაყენებას. RT ამბობს, რომ ამ შინაარსის წერილი სექტემბერში მიიღო, თუმცა დოკუმენტს არ აქვეყნებს. RT-ს და სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკს" აშშ-ის დაზვერვა ბრალად სდებს დეზინფორმაციის გავრცელებას გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონია ამერიკელი ამომრჩევლის ქცევაზე. "ჩვენს მედიაზე თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმაა" - უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს ვიეტნამში მიმდინარე აპეკის სამიტზე და დასძინა - იმედგაცრუებული ვართ, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმეო.

XS
SM
MD
LG