Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: მჯერა პუტინის განცხადებებისა არჩევნებში ჩაურევლობის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სჯერა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებისა კრემლის ჩაურევლობის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ტრამპმა ჟურნალისტებს აცნობა აპეკის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინმა შეურაცხყოფად მიიღო მორიგ ჯერზე დასმული კითხვა არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეხედულება, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ცნობები წარმოადგენს "დემოკრატების მიერ მოგონილ შეთქმულებას", არჩევნებში თავიანთი მარცხის გამართლების მიზნით. ტრამპმა განაცხადა, რომ სამიტის კულუარებში პუტინს რამდენჯერმე შეხვდა. თუმცა, ორი პრეზიდენტის ოფიციალური მოლაპარაკება არ გამართულა. პუტინმა, თავის მხრივ, თქვა, რომ ტრამპთან არაოფიციალური საუბრები წარმატებული იყო და ილაპარაკეს იმ საკითხებზე, რომლებზეც სურდათ. პუტინის თქმით, ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა ვერ გაიმართა, რადგან ამის საშუალებას პრეზიდენტების განრიგი არ იძლეოდა. მანამდე რუსეთის და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სირიის კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე. აშშ-ში მიმდინარეობს საგანგებო გამოძიება, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ირგვლივ.

XS
SM
MD
LG