Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი მაკკეინი აღაშფოთა რუსეთის მიერ რადიო თავისუფლებისა და სხვა მედიასაშუალებების RT-სთან გაიგივებამ


სენატორი ჯონ მაკკეინი
სენატორი ჯონ მაკკეინი

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ მაკკეინმა აღშფოთება გამოთქვა რუსეთის დუმის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის გამო, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებები. „ვლადიმირ პუტინის რუსეთი ახლოსაა იმასთან, რომ საერთაშორისო მედიასაშუალებები აღიაროს უცხოეთის აგენტებად, სავარაუდოდ, Russia Today-სადმი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საპასუხოდ“ - ნათქვამია გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის მიერ 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჯონ მაკკეინი აღნიშნავს, რომ ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების, CNN-ის და BBC-ის მსგავსი მედიასაშუალებების ჟურნალისტები სიმართლეს ეძებენ, ტყუილს გამოაშკარავებენ და მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებენ, Russia Today-ს ჟურნალისტები კი, პირიქით, პროპაგანდისტები არიან, სიმართლეს მალავენ, სიცრუეს ავრცელებენ და ცდილობენ, შეარყიონ დემოკრატიული მთავრობები, რათა გაატარონ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა. „პუტინს არ სჭირდება თავი იმართლოს იმისთვის, რომ უცხოურ მედიასაშუალებებს გაუსწორდება, ისევე, როგორც არ სჭირდებოდა თავის მართლება ბოლო წლებში მრავალი ჟურნალისტის და პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობის გამო. პუტინმა იცის, რომ მისი დიქტატურისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა სიმართლე, ნამდვილად პატრიოტი რუსების მზადყოფნა თქვან სიმართლე და შესაბამისად იმოქმედონ“ - ნათქვამია განცხადებაში. სენატორი ჯონ მაკკეინი აღნიშნავს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები კვლავ დაუჭერენ მხარს რუსი ხალხის უფლებას, წვდომა ჰქონდეს იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. 15 ნოემბერს, რუსეთის დუმამ მეორე და მესამე მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც უცხოური მედიასაშუალებები აღიარა „უცხოეთის აგენტებად.“ მათი საქმიანობის შეზღუდვა მოსკოვმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტელეარხს, RT-ს მოთხოვა აშშ-ში თავისი წარმომადგენლობა დაარეგისტრიროს „უცხოეთის აგენტად.“ ვაშინგტონში არაერთხელ განმარტეს, რომ ამერიკული კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსულისგან და არ ზღუდავს ინფორმაციის თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG