Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს-მ დაადასტურა საფრანგეთში ე.წ. კანონიერი ქურდების დაკავება


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 27 ქართველი წევრი, მათგან 5 ე.წ. კანონიერი ქურდია. სამინისტროს განცხადებით, დაჯგუფების წევრები დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად და საქართველოს პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით. დაკავებულებს ბრალად ედება ქურდობა, ნაქურდალი ნივთების შენახვა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ. ასევე, დადგინდა, რომ მოპარული ნივთების გაყიდვის მიზნით კავშირში იყვნენ პარიზში მცხოვრებ, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან“ - ნათქვამია საქართველოს შსს-ს მიერ 17 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები. საქმეს იძიებენ საფრანგეთის ეროვნული კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია.

XS
SM
MD
LG