Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ რამზან კადიროვი რჩება ჩეჩნეთის ლიდერად


კრემლი აცხადებს, რომ რამზან კადიროვი რჩება ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე მიუხედავად მისი განცხადებისა, რომელიც გასული კვირის ბოლოს გააკეთა შესაძლო გადადგომის შესახებ. 41 წლის კადიროვი ინტერვიუში, რომელიც 26 ნოემბერს აჩვენა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ, ამბობს, რომ დროა, დატოვოს თანამდებობა. მისი აზრით, კრემლმა მას შემცვლელი უნდა მოუძებნოს და თუ საჭირო იქნება, თვითონვე შესთავაზებს ჩეჩნეთის ლიდერობისათვის შესაფერის რამდენიმე კანდიდატს. მაგრამ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 27 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის ერთგული რჩება და იმუშავებს „ნებისმიერ თანამდებობაზე, რომელზე მუშაობასაც ქვეყნის პრეზიდენტი სთხოვს“. იყო დრო, როცა ჩემნაირი ხალხი იყო საჭირო საბრძოლველად, წესრიგის დასამყარებლად - ახლა წესრიგი სუფევსო, განმარტა კადიროვმა რუსეთის ტელევიზია „როსია 1“-თან ინტერვიუში. მან თქვა ასევე, რომ „ოცნებობს“ გადადგომაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კადიროვი 2007 წლის თებერვალში დანიშნა ჩეჩნეთის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 2011 წლის მარტში ის ჩეჩნეთის პარლამენტმა დაამტკიცა ხელმძღვანელის პოსტზე. 2016 წლის სექტემბერში ის კიდევ ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.

XS
SM
MD
LG