Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 18 მარტს გაიმართება


რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომათა დარბაზი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომათა დარბაზი

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. 15 დეკემბერს, ფედერაციის საბჭოს სხდომაზე ერთხმად მიღებული დადგენილებით, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 18 მარტს. საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კლიშასის ინფორმაციით, ფედერაციის საბჭოს დადგენილება 18 დეკემბერს გამოქვეყნდება. ამ დღიდან რუსეთში ოფიციალურად დაიწყება საარჩევნო კამპანია. მაისში, რუსეთის სახელმწიფო დუმამ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად მარტის მეორე კვირა დღის ნაცვლად განსაზღვრა მესამე კვირა. 2018 წლის მარტის მესამე კვირა დღე 18-ია, როცა რუსეთი აღნიშნავს ყირიმის შეერთებიდან მეოთხე წლისთავს. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის განზრახვა უკვე დაადასტურა 20-ზე მეტმა პირმა, მათ შორის რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა, ვლადიმირ ჟირიონოვსკიმ, პარტია „იაბლოკო“-ს დამფუძნებელმა, გრიგორი იავლინსკიმ და ტელეწამყვანებმა, ქსენია სობჩაკმა და ეკატერინა გორდონმა. რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრა სურს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნისაც, თუმცა, რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ნასამართლეობის გამო ნავალნი ვერ შეძლებს კანდიდატად დარეგისტრირებას. 15 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ ტვიტერზე დაწერა, რომ თუ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას ყველა კანდიდატს არ მისცემენ, არჩევნებს არ აღიარებენ და ამომრჩეველთა გაფიცვას მოაწყობენ.

XS
SM
MD
LG