Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ არ არის კმაყოფილი რუსეთის ძალისხმევით ჩრდილოეთი კორეის საკითხზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს მიმართა დახმარების თხოვნით ჩრდილოეთი კორეის ატომური იარაღის გარშემო შექმნილი კრიზისის განმუხტვის მიზნით, მაგრამ ის არ დააკმაყოფილა რუსეთის ძალისხმევამ. ტრამპმა ეს ჟურნალისტებს 15 დეკემბერს უთხრა თეთრ სახლში, ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა რუსეთს და ჩინეთს მოუწოდა გააძლიერონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე. ამასთან, ტილერსონის თქმით, მოსკოვი ჩრდილოეთ კორეის მუშებს "მონურის მსგავს პირობებში" ამუშავებს. განცხადებებს გამოეხმაურა რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია და თქვა, ჩრდილოეთ კორეის მუშები რუსეთში არიან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც შეიცავს მათი უფლებების გარანტიებს და ისინი მონურ პირობებში არ იმყოფებიანო. ნებენზიამ ასევე უპასუხა ბრალდებას, რომ რუსეთი კრიზისის განმუხტვისთვის არასაკმარის ძალისხმევას იჩენს და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის ბრალდება, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ძალებს შორის ჩატარებულმა ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა გააძლიერა დაძაბულობა და ისინი უნდა შეწყდეს მაშინ, როცა ჩრდილოეთი კორეა შეწყვეტს იარაღის გამოცდას, რათა გამოჩნდეს, რომ ორივე მხარე მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვისო. მანამდე, ტრამპმა განაცხადა, 14 დეკემბერს, გვიან საღამოს "ძალიან კარგი" საუბარი მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც ჩრდილოეთ კორეის კრიზისი განვიხილეთო. "ჩვენ ძალიან გვინდა მისგან დახმარება ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით", განცხადა ტრამპმა, რომელიც, კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი იყო. "ვნახოთ, რა მოხდება ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. ჩვენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. ბევრი ქვეყანა გვეთანხმება - თითქმის ყველა" - თქვა ტრამპმა და დასძინა - "ჩინეთი გვეხმარება. რუსეთი არ გვეხმარება. ჩვენ გვსურს რუსეთმაც აღმოგვიჩინოს დახმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

XS
SM
MD
LG