Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში შეხლა-შემოხლა მოხდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე


კიევის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გავიდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნებით. პოლიციის დიდი რაოდენობის ფონზე, დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში ჩაიარეს, დამოუკიდებლობის მოედნის მიმართულებით - ადგილის, სადაც 2013-2014 წლებში ერთთვიანმა საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის დამხობა მოიტანა. დემონსტრანტებიდან ბევრი ოპოზიციის ლიდერის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ მიიღოს კანონმდებლობა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, და ასევე გამოდიან გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადადგომის მოთხოვნით. მოგვიანებით დემონსტრანტებმა სცადეს შეჭრილიყვნენ საკონცერტო დარბაზში, რომელიც დამოუკიდებლობის მოედანთან მდებარეობს - მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ იქ აპირებდა თავისი შტაბბინის ამოქმედებას, თუმცა საქმეში პოლიცია და სპეცრაზმი ჩაერთო და მათ არ მისცა შენობაში შეღწევის საშუალება. შენობის წინ უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დემონსტრანტებს სააკაშვილმა სიტყვით მიმართა და მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აირიდონ "პროვოკაციები". უკრაინის პოლიციის განცხადებით, საკონცერტო დარბაზში ბავშვები იმყოფებოდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისგან. შენობის წინ მყოფი დემონსტრანტების ქცევა გააკრიტიკეს კიევში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა.

XS
SM
MD
LG