Accessibility links

კრემლი: CIA დაგვეხმარა ტერაქტების აღკვეთაში სანკტ-პეტერბურგში


კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტმა (CIA) მას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც რუსეთს დაეხმარა ტერორისტული აქტების აღკვეთაში სანკტ-პეტერბურგში. 17 დეკემბერს, სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიყენეს თავდასხმების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი "ტერორისტების ჯგუფის დევნისა და დაკავებისთვის" - ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსი". თეთრ სახლს ჯერჯერობით სატელეფონო ზარის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია. კრემლის ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააპატიმრა ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი შვიდი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ სანკტ-პეტერბურგში ტერორისტული თავდასხმების სერიის დაგეგმვა. სამი დღის წინ ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს ჩრდილოეთი კორეის საკითხზე და ის საუბარი აშშ-ის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც "ძალიან კარგი". ტრამპს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ სურს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ სირიასა და სხვაგან მიმდინარე კონტრტერორისტული მოქმედებები შესაძლოა უკეთესი ურთიერთობის საფუძველი გახდეს. მაგრამ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კავშირები კვლავაც დაძაბული რჩება რამდენიმე საკითხის გარშემო - მათ შორის აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების განცხადებების, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინაში რუსეთის ჩარევის და ორმხრივი ბრალდებების იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების დარღვევის თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG