Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: აშშ-ს სურს "დიდი პარტნიორობა" რუსეთთან და ჩინეთთან, მაგრამ ის "ყოველთვის დაიცავს საკუთარ ინტერესებს"


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს სურს "დიდი პარტნიორობა" ჰქონდეს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ის "ყოველთვის დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს". ტრამპი ამ განცხადებებით გამოვიდა 18 დეკემბერს, ვაშინგტონში წარმოთქმულ სიტყვაში, რომელშიც მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია აღწერა. ტრამპის თქმით, "რეალიზმი" და მიდგომა "პირველ რიგში ამერიკა" იქნება ეროვნული უსაფრთხოების წარმმართველი პრინციპები. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა თავისი წინამორბედების მემკვიდრეობა რამდენიმე საკითხთან მიმართებით - კონტრტერორიზმის, ირანის და ჩრდილოეთი კორეის ჩათვლით. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მკაცრი შეფასება იმ შეთანხმებაზე, რომელიც ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმდა და რომელიც მიზნად ისახავდა თეირანის ბირთვული ამბიციების შეკვეცას, სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ. ტრამპის კრიტიკის საგანი იყო ასევე 2015 წელს პარიზში მიღწეული შეთანხმება კლიმატის ცვლილებებზე, რომელსაც, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკა გამოეთიშება. ტრამპმა შეაქო აშშ-ის ხელმძღვანელობთ მოქმედი კოალიცია, რომელიც ერაყსა და სირიაში ებრძვის ექსტრემისტულ გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოს" და თქვა, პაკისტანმა უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს ექსტრემიზმთან ბრძოლაშიო. დოკუმენტი, რომელიც თეთრმა სახლმა ტრამპის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა, შეიცავს გაფრთხილებას, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ ისეთი მსოფლიოს გამოძერწვას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის ღირებულებებთან და ინტერესებთან. თავის გამოსვლაში ტრამპმა დადებითად ისაუბრა ორმხრივ თანამშრომლობაზე მოსკოვთან, რომლითაც, როგორც კრემლის, ისე თეთრი სახლის თქმით, აღიკვეთა ტერორისტული თავდასხმები სანკტ-პეტერბურგში. ტრამპმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობამ, შესაძლოა, "ათასობით" ადამიანის სიკვდილი აღკვეთა. აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გავრცელების ფონია აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად დაძაბული ურთიერთობა, რამდენიმე საკითხის გამო - მათ შორისაა უკრაინაში რუსეთის აგრესია, მისი როლი სირიის ომში და ცნობები, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, 2016 წელს.

XS
SM
MD
LG