Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი აკრიტიკებენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას


რუსეთი და ჩინეთი აკრიტიკებენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც 18 დეკემბერს წარმოადგინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. დოკუმენტში რუსეთი და ჩინეთი მოხსენიებული არიან ვაშინგტონის მეტოქეებად, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-ის ძალასა და ინტერესებს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 19 დეკემბერს თქვა, რომ ახალი სტრატეგია „იმპერიული ხასიათისაა“ და რომ ვაშინგტონი „ებღაუჭება ერთპოლუსიან მსოფლიოს“. ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს მოუწოდა, უარი თქვას „ცივი ომის მენტალიტეტს“. მისი განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის იყო და არის გლობალური განვითარების ხელშემწყობი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშია აღნიშნული, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ „ეკონომიკის თავისუფლებისა და სამართლიანობის შემცირებას, თავიანთი სამხედრო ძალების გაზრდას და ინფორმაციისა და მონაცემების გაკონტროლებას თავიანთი საზოგადოებების შეზღუდვისა და თავიანთი გავლენის გაფართოების მიზნით“.

XS
SM
MD
LG