Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, ევროკავშირი ეწინააღმდეგებიან კოსოვოს ნაბიჯებს ომის დანაშაულთა სასამართლოს დასახურად


აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს 1998-99 წლებში, მისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდთან დაკავშირებული ომის დანაშაულების სასამართლოს დახურვას. დასავლეთი ამ ნაბიჯს აფასებს "საშინელ იდეად", რომელიც კოსოვოს იზოლაციას მოუტანს. აშშ-ის ელჩმა, გრეგ დელაუიმ 22 დეკემბერს განაცხადა, ამგვარ გადაწყვეტილებას "გამორჩეულად უარყოფითი შედეგები" მოჰყვება კოსოვოსთვისო. "ეს უბრალოდ სამარცხვინოა" - უთხრა ელჩმა პრიშტინაში შეკრებილ ჟურნალისტებს და დასძინა - "ამას აშშ ზურგში დანის ჩარტყმად აღიქვამს. კოსოვო ამით თანამშრომლობის ნაცვლად იზოლაციას აირჩევს". კოსოვოს საგანგებო სასამართლო ჰააგაშია განთავსებული, ის დაარსდა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან კოსოვოს მთავრობაზე ზეწოლის შედეგად, საიმისოდ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყვნენ პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ კოსოვოს გათავისუფლების არმიის (KLA) მიერ ეთნიკური სერბების წინააღმდეგ ომის დანაშაულთა ჩადენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში. სასამართლოში მოსამართლეები და პროკურორები ძირითადად ამერიკელები, კანადელები ან ევროპელები არიან, თუმცა სასამართლო დაარსდა კოსოვოს კანონმდებლობასთან შეფარდებით და მასზე პრიშტინის იურისდიქცია ვრცელდება. სასამართლოს ჰოლანდიაში დაარსების მიზეზი იყო სურვილი მინიმუმამდე დასულიყო მოწმეებზე ზეწოლის და კორუფციის საფრთხეები. სასამართლოს ჯერჯერობით საქმეები არ განუხილავს. კოსოვოს პრემიერ მინისტრი, რამუშ ჰარადინაი, პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი და პარლამენტის სპიკერი, ვესელი, წარსულში KLA-ს წევრები იყვნენ.

XS
SM
MD
LG