Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეთლემში საშობაო ღონისძიებები წელს შედარებით მცირე მასშტაბით მიმდინარეობს


ქალაქ ბეთლემში, რომელიც, ბიბლიური გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს დაბადების ადგილია, საშობაო დღესასწაულისთვის მზადება შედარებით მოკრძალებულ ატმოსფეროში მიმდინარეობს. იუწყებიან, რომ სადღესასწაულო განწყობას ამძიმებს ბოლო პერიოდში მომხდარი ძალადობა, რომელსაც ბიძგი მისცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბეთლემთან ახლოს მდებარე იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ. სააგენტო ასოშიეიტედ პრესის ცნობით, წინა წლებთან შედარებით უფრო ნაკლები ხალხია ჩასული სადღესასწაულო ღონისძიებებზე დასასწრებად. მომლოცველების ნაწილმა ბეთლემში ჩასვლისგან თავი შეიკავა იმ შეტაკებების გამო, რომლებიც ბოლო კვირებში მოხდა პალესტინელებს და ისრაელის ძალებს შორის. კვირას ძალადობის შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად შეამცირეს სადღესასწაულო ღონისძიებების მასშტაბი. ატმოსფეროს ასევე ამძიმებს ცივი ამინდი და წვიმის პროგნოზი. იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებით ტრამპმა რადიკალურად შეცვალა აშშ-ის მიერ ათწლეულების განმავლობაში წარმოებული პოლიტიკა. ტრამპის ნაბიჯს კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის მოკავშირეების მხრიდან ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში, მან გამოიწვია შეტაკებები პალესტინელთა ტერიტორიებზე და საპროტესტო გამოსვლები მუსლიმურ სამყაროში. გასულ კვირაში ტრამპის გადაწყვეტილება უარყო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. პალესტინელები იერუსალიმს მიიჩნევენ მათი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად. ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსირება მოახდინა და მთელი ქალაქი საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა, თუმცა, მისი ეს ნაბიჯი არასოდეს უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას.

XS
SM
MD
LG