Accessibility links

თბილისში დაიწვა საცხოვრებელი ბინა და სასტუმროს ნაწილი


ორი ადამიანი დაღუპა და ორი დაშავდა თბილისში, „დინამო არენასთან“ მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინაში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობაში 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წუხელ ხანძარი გაჩნდა სასტუმრო „რუმს თბილისშიც.“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობიდან სტუმრების და თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა მეხანძრე-მაშველების 15 ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ცეცხლი გაუჩნდა სასტუმროს სხვენის გადახურვას, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 180 კვადრატული მეტრი ფართობი. „რუმს თბილისის“ დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ დაზიანდა ორი ოთახი. მისივე ინფორმაციით, ევაკუირებული სტუმრები „რუმს თბილისიდან“ გადაიყვანეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში.“ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროს მფლობელი კომპანიის, „აჭარა ჯგუფის“ ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG