Accessibility links

სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს გამოიძიოს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია


საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგად დაიჭრა 19 წლის ახალგაზრდა კაცი და პროკურატურას მოუწოდა დროულად გამოიძიოს სპეცოპერაციის შემთხვევა. დაჭრილი და კიდევ ოთხი პირი დააკავეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და დაკავებულები ხელს უწყობდნენ იმ ოპერაციის დროს განეიტრალებულ ჯგუფს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სპეცოპერაციის შესახებ ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია - სუსი ამბობს, რომ დაჭრამდე პირი ცდილობდა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ხელყუმბარა აეფეთქებინა, ხოლო დაჭრილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მძინარე ახალგაზრდას საძინებელ ოთახში შესვლისთანავე ესროლეს, შედეგად, სისხლიანია მისი საწოლი და ბალიში და ხელყუმბარაც სამართალდამცავებს ეკუთვნოდა. "სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე, მოქალაქეთა – სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას" - ვკითხულობთ ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

XS
SM
MD
LG