Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის სტრატეგიულ მიზნად რჩება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. 27 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა 2017 წელი და მომავალი წლის ამოცანებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში მთავრობისთვის წამყვანი იყო ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის მეშვეობით ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც კარგი მაჩვენებელია და მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური უნდა იყოს. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან თავისუალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელების წარმატებით დაწყებას და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურა და 2017-2020 წლებში, 9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება სივრცითი განვითარების საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტებზე. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სივრცითი განვითარების გეგმით, უკვე შენდება 1000 კილომეტრის გზა, საიდანაც 350 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალია, დანარჩენი კი რეგიონული მნიშვნელობის გზები. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, რეგიონების განვითარება იქნება ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი, რათა გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონებში გადავიდეს და ბიუჯეტები დაიგეგმოს ქვემოდან ზევით ამომავალი პრინციპით. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შენარჩუნდება და კიდევ უფრო დაიხვეწება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. პრემიერ-მინისტრმა დაასახელა მომავალი წლიდან სხვადასხვა სფეროში მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახეები - შინაპატიმრობა და კონტროლი ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენცია. „2017 წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევები, არაერთი მძიმე წუთი და დღე გამოვიარეთ და ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან 2018 წელი გამოაცხადა დიალოგის წლად და მინისტრებს მოუწოდა, მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება და ეს მნიშვნელოვანი იუბილე ღირსეულად უნდა აღინიშნოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG