Accessibility links

პანკისელები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ


პანკისის ხეობის სოფელი დუისი, ახმეტის მუნიციპალიტეტი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭომ, ქალთა საბჭომ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია. „შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინაა. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმასთან დაკავშირებითაც რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესებს" - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც 27 დეკემბერს გამოქვეყნდა. უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის განცხადებით, ნებისმიერი დამნაშავე კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს, მაგრამ თვითნებური სასჯელი და სროლა ახლადგაღვიძებული ახალგაზრდისთვის, ყოვლად მიუღებელია. „მე ვფიქრობ, რომ სპეცრაზმმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, შიშით რაღაცა წარმოიდგინა და ესროლა. ასეთი პიროვნება არ უნდა იყოს სპეცრაზმში" - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა. 26 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობასა და თბილისში დააკავეს 5 პირი, რომლებსაც ბრალად ედება 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას განეიტრალებული ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობა. სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა თავის არეში დაჭრეს სოფელ დუისის მკვიდრი, თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც სამართალდამცავებს ადანაშაულებენ ძალის გადამეტებაში. 26 დეკემბერს, თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

XS
SM
MD
LG