Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დემონსტრანტები მოითხოვენ ადვოკატის სავარაუდო მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას


უკრაინის დედაქალაქში ასობით ადამიანი შეიკრიბა ადვოკატისა და უფლებადამცველის, ირინა ნოზდროვსკაიას სავარაუდო მკვლელობის გამოძიებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე კიევთან, მდინარეში იპოვეს ნოზდროვსკაიას გვამი. მას ვერ დაუდგინდა ძალადობის ნიშნები. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფკავშირის ხელმძღვანელმა ილია კივამ ტელეარხ „112 უკრაინას“ უთხრა, რომ წინასწარი მონაცემებით, ნოზდროვსკავია მდინარეში ჩააგდეს, ან ის შესაძლოა, თვითონვე ჩახტა. ადვოკატი 29 დეკემბერს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მიაღწია, რომ პატიმრობიდან ვადამდე არ გაეთავისუფლებინათ მისი დის, სვეტლანა საპატანისკას, მკვლელობისათვის გასამართლებული პირი. კიევში დემონსტრანტებს მიმართა რეგიონის პოლიციის უფროსმა, დმიტრო ცენოვმა, რომლის თქმითაც, შექმნილია ექსპერტების საგანგებო ჯგუფი ნოზდროვსკაიას მკვლელობის გამოსაძიებლად. ადვოკატის და, სვეტლანა, 2015 წელს დაიღუპა - როგორც სასამართლომ დაადგინა, მას მანქანა დააჯახა დმიტრი როსოშანსკიმ, კიევის საოლქო სასამართლოს მოსამართლის ძმისშვილმა. როსოშანსკის საქმის გამო ნოზდროვსკაიას არაერთხელ დამუქრებიან. 27 დეკემბერს სასამართლოდ უარყო როსოშანსკის ამნისტიის თხოვნა, რაც ნაწილობრივ ნოზდროვსკაიას აქტიურობის შედეგად ითვლება.

XS
SM
MD
LG